დეტროიტში მყოფ დონალდ ტრამპს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რას გულისხმობდა თავის პოსტში, რომელშიც დაწერა, რომ ირანელი დემონსტრანტებისთვის “დახმარება გზაშია”.

ამერიკის პრეზიდენტმა მისი ფრაზის განმარტება არ ისურვა და საპასუხოდ აღნიშნა:

“ვწუხვარ, მაგრამ ამას თავად უნდა მიხვდეთ”.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღეს ირანელებს მიმართა, განაგრძონ პროტესტი და „დახმარება გზაშია“. ამის შესახებ ტრამპმა truthsocial-ზე დაწერა.

„ირანელო პატრიოტებო, განაგრძეთ პროტესტი – დაიკავეთ თქვენი ინსტიტუტები!

დაიმახსოვრეთ მკვლელებისა და მოძალადეების სახელები. ისინი დიდ ფასს გადაიხდიან.

მე გავაუქმე ყველა შეხვედრა ირანელ ოფიციალურ პირებთან მანამ, სანამ მომიტინგეების უაზრო მკვლელობები არ შეწყდება. დახმარება გზაშია“ – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ truthsocial-ზე.

ამავე დროს, აშშ-ის ვირტუალური საელჩო ირანში მოუწოდებს ირანში მყოფ აშშ-ის მოქალაქეებს, სასწრაფოდ დატოვონ ირანი.

„დატოვეთ ირანი ახლავე. შეადგინეთ ირანიდან გასვლის გეგმა, რომელიც არ იქნება დამოკიდებული აშშ-ის მთავრობის დახმარებაზე. თუ წასვლას ვერ ახერხებთ, იპოვეთ უსაფრთხო ადგილი თქვენს საცხოვრებელში ან სხვა უსაფრთხო შენობაში. იქონიეთ საკვების, წყლის, მედიკამენტების და სხვა აუცილებელი ნივთების მარაგი“ – ნათქვამია ვირტუალური საელჩოს განცხადებაში.

ბოლო ცნობების თანახმად, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაახლოებით 2 000 ადამიანია მოკლული, მათ შორის – უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის თანახმად, ამის შესახებ ინფორმაცია ირანელმა მაღალჩინოსანმა გაავრცელა დღეს, 13 იანვარს.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ირანის ხელისუფლებამ აღიარა ორკვირიანი საყოველთაო არეულობის მკაცრი ჩახშობის შედეგად გამოწვეული მსხვერპლის ასეთი მაღალი მაჩვენებელი.