ახალი ამბები

მერცის ვარაუდით, ირანის რეჟიმი „ბოლო დღეებსა და კვირებს“ ითვლის

13 იანვარი, 2026 •
მერცის ვარაუდით, ირანის რეჟიმი „ბოლო დღეებსა და კვირებს“ ითვლის

გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის ვარაუდით, ირანის ისლამური რეჟიმი „ბოლო დღეებსა და კვირებს“ ითვლის.

„ვვარაუდობ, რომ ახლა ამ რეჟიმის ბოლო დღეებისა და კვირების მომსწრენი ვართ. როდესაც რეჟიმს ძალაუფლების შენარჩუნება მხოლოდ ძალადობით შეუძლია, მაშინ ის ფაქტობრივად თავის დასასრულს უახლოვდება. მოსახლეობა ახლა ამ რეჟიმის წინააღმდეგ არის აჯანყებული“, — განაცხადა მერცმა.

კანცლერის თქმით, ირანის საკითხზე გერმანია მჭიდრო კონტაქტზეა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროპის სახელმწიფოებთან.

მერცმა თეირანს მოუწოდა, შეწყვიტოს მომიტინგეების დევნა.

ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაახლოებით 2 000 ადამიანია მოკლული, მათ შორის- უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის თანახმად, ამის შესახებ ინფორმაცია ირანელმა მაღალჩინოსანმა სამშაბათს გაავრცელა.

ირანში საპროტესტო აქციები გასული წლის 28 დეკემბერს, ეკონომიკური კოლაფსისა და ეროვნული ვალუტის მკვეთრად გაუფასურების გამო დაიწყო და ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნაში გადაიზარდა. ირანის რეჟიმი პროტესტს ძალადობრივად ახშობს. ასევე, გათიშა ინტერნეტი.

აშშ-ში ბაზირებული ირანელი აქტივისტების უფლებადამცველი ორგანიზაცია HRANA-ის ბოლო, დადასტურებული მონაცემებით, 12 იანვრის მდგომარეობით, საპროტესტო აქციების დროს 646 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 505 მომიტინგე (9 ბავშვის ჩათვლით), 133 სამხედრო და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელი, ერთ პროკურორი და შვიდ მშვიდობიანი მოქალაქე, რომელიც პროტესტში არ მონაწილეობდა.

თუმცა ანონიმმა ირანელმა მაღალჩინოსანმა „როიტერს“ განუცხადა, რომ მოკლულია 2 000 ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი