ახალი ამბები

ირანელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ 2000 ადამიანია მოკლული – Reuters

13 იანვარი, 2026 •
ირანელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ 2000 ადამიანია მოკლული – Reuters

ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაახლოებით 2 000 ადამიანია მოკლული, მათ შორის- უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის თანახმად, ამის შესახებ ინფორმაცია ირანელმა მაღალჩინოსანმა სამშაბათს გაავრცელა.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქვეყნის ხელისუფლებამ აღიარა ორკვირიანი საყოველთაო არეულობის მკაცრი ჩახშობის შედეგად გამოწვეული მსხვერპლის ასეთი მაღალი მაჩვენებელი.

სააგენტო Reuters-თან საუბრისას ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ როგორც მომიტინგეების, ისე ძალოვნების სიკვდილზე პასუხისმგებლობა მის მიერ „ტერორისტებად“ წოდებულ პირებს ეკისრებათ. მას არ წარუდგენია დეტალური მონაცემები იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რამდენი ადამიანი დაიღუპა თითოეული მხრიდან.

არეულობა, რომელიც მძიმე ეკონომიკური პირობებით არის გამოწვეული, ბოლო სამი წლის განმავლობაში ირანის ხელისუფლებისთვის ყველაზე დიდი შიდა გამოწვევაა. ეს პროცესები გასულ წელს ისრაელისა და აშშ-ის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შემდეგ გაძლიერებული საერთაშორისო წნეხის ფონზე მიმდინარეობს.

ირანის სასულიერო ხელისუფლებამ, რომელიც ქვეყანას 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ მართავს, დემონსტრაციების მიმართ ორმაგი მიდგომის გამოყენება სცადა: მათ ეკონომიკური პრობლემების გამო გამოწვეულ პროტესტს ლეგიტიმური უწოდეს, პარალელურად კი, უსაფრთხოების ძალების მეშვეობით მკაცრ დარბევებს მიმართეს. ხელისუფლებამ აშშ და ისრაელი არეულობის გაღვივებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ პროტესტი „ტერორისტებად“ წოდებულმა დაუდგენელმა პირებმა სათავისოდ გამოიყენეს.

უფლებადამცველმა ჯგუფმა მანამდე ასობით დაღუპული აღრიცხა და განაცხადა, რომ ათასობით ადამიანია დაკავებული.

კომუნიკაციის შეზღუდვებმა, მათ შორის ბოლო დღეების განმავლობაში ინტერნეტის სრულმა გათიშვამ, ირანიდან ინფორმაციის გავრცელება შეაფერხა. გასული კვირის განმავლობაში დემონსტრანტებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის მომხდარი ღამის შეტაკებების ამსახველი ვიდეოკადრები — რომელთაგან რამდენიმე სააგენტო Reuters-ის მიერ არის გადამოწმებული — აჩვენებს სასტიკ დაპირისპირებებს იარაღიდან სროლის, დამწვარი ავტომობილებისა და შენობების ფონზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი