ახალი ამბები

ანა ნადარეიშვილი სახალხო დამცველს განცხადებით მიმართავს

6 იანვარი, 2026 •
ანა ნადარეიშვილი სახალხო დამცველს განცხადებით მიმართავს

  ბაჩო ახალაიას ცოლი, ანა ნადარეიშვილი, სახალხო დამცველს მასზე და მის ოჯახზე განხორციელებული მძიმე და სისტემური დარღვევების შესასწავლად განცხადებით მიმართავს. მისი თქმით, ამ გზით ის ნათელს მოჰფენს უწყების უსამართლობას, საზოგადოებას კი დაანახებს როგორ მოქმედებს რეჟიმი, როცა მას პასუხის გაცემას სთხოვენ.

“ეს წერილები საერთაშორისო პროცესების საფუძველია, არ არსებობს საერთაშორისო ინსტანცია, რომელიც რეაგირებს სიტყვებზე. რეაგირებენ მტკიცებულებებზე. ჩემი ყველა მიმართვა არის მომავალი სარჩელის ნაწილი”, -ამბობს ნადარეიშვილი.

განცხადებაში ის საუბრობს სხვადასხვა უწყების დარღვევებსა  და ძალის გადამეტებაზე, მათ შორის, სუს-ის ზეწოლასა და მუქარაზე, რათა დაკითხვაზე ბაჩო ახალაიას საკუთარი თავისა და მეგობრების წინააღმდეგ ჩვენება მიეცა.

  ნადარეიშვილის თქმით, ფაქტი, რომ ბაჩო ახალაიას სხდომა დაიხურა და სასამართლო პროცესს ვერც მედიის წარმომადგენლები და ვერც საერთაშორისო დამკვირვებლები ესწრებიან, სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას სათუოს ხდის.

  არსებული გარემოებების გათვალისწინებით, აღნიშნული განცხადება, მისი თქმით,  სამართლებრივი დაცვის საშუალებების ამოწურვის მცდელობაა, თუმცა ამის მიუხედავად, მანდატის ფარგლებში ომბუდსმენს შესაბამისი ნაბიჯების გადადგმის თხოვნით მიმართავს:

  1. დამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-13 მუხლების კონტექსტში შესწავლონ მის მიერ, განცხადებაში, მითითებული ფაქტები;
  2. შეაფასონ სამართალდამცავი ორგანოების, მათ შორის სუს-ის ქმედებები;
  3. რეაგირება იქონიონ არასრულწლოვანის უფლებების უხეშ დარღვევაზე;
  4. დაკავებისა და წინასწარი დაკავების იზოლატორში ყოფნის განმავლობაში ადვოკატთან წვდომის სრულ ბლოკირებაზე; ასევე შეისწავლონ იძულებითი ჩვენების, მუქარისა და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები და მოახდინოთ ამ ფაქტზე სათანადო რეაგირება;
  5. სახელმწიფო ორგანოებიდან მოიხოვონ ანა ნადარეიშვილის სამართლებრივი სტატუსის დაუყოვნებლივი და მკაფიო განსაზღვრა, ასევე მისი პროფესიული მოვალეობის შესრულების ხელშეშლის დაუყოვნებლივი შეწყვეტა; შეაფასონ სასამართლოს მიერ პროცესის დახურულ რეჟიმში ჩატარების გადაწყვეტილება, საზოგადოების მაღალი ინტერესის პირობებში და დადგინდეს, რამდენად შეესაბამება აღნიშნული გადაწყვეტილება სამართლიანი სასამართლოს საერთაშორისო სტანდარტებს;
  6. გასცენ საჯარო დასკვნა და რეკომენდაციები ადამიანის უფლებათა დარღვევის პრაქტიკის შეწყვეტაზე, არასრულწლოვანების დაცვის სტანდარტების უზრუნველყოფაზე, ადვოკატთა დამოუკიდებლობისა და პროფესიული უფლებების რეალურ დაცვაზე;
  7. უზრუნველყონ ანა ნადარეიშვილისა და მისი ოჯახის დაცვა შესაძლო შემდგომი ზეწოლისაგან, მათ შორის ფსიქოლოგიური ან ინსტიტუციური ანგარიშსწორებისაგან;
  8. მიაწოდონ წერილობითი, დასაბუთებული პასუხი კანონით დადგენილ ვადებში, თითოეულ ზემოაღნიშნულ საკითხზე;
  9. გაითვალისწინონ, რომ მათი რეაგირება ან რეაგირების არარსებობა გამოყენებული იქნება, როგორც მტკიცებულება შიდა სამართლებრივი დაცვის საშუალებების ეფექტიანობის შეფასებისას საერთაშორისო მექანიზმების წინაშე, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში

 

 რა ხდება?

  მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ფიგურა, ბაჩო ახალაია, რომელმაც „ქართული ოცნების“ პირობებში 9-წლიანი პატიმრობა მოიხადა, 25 დეკემბერს კვლავ დააკავეს. „ოცნება“ მას 4 ოქტომბრის მოვლენების „მთავარ ორგანიზატორად“ მოიაზრებს.

  სუს-ის ბრიფინგის თანახმად, ბაჩო ახალაიას საცხოვრებელ სახლში არსებული IP მისამართიდან გარკვეული პირი (ან პირები) სისტემატურად უკავშირდებოდნენ იმ ადამიანებს, ვისაც გამოძიება 4 ოქტომბრის პროცესების ორგანიზატორებად მიიჩნევს: პაატა მანჯგალაძეს, მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, ირაკლი ნადირაძესა და პაატა ბურჭულაძეს.

  თვდაპირველად სუს-მა  ანა ნადარეიშვილიც დააკავა, თუმცა ის მალევე გაათავისუფლეს და  მის მიმართ სამართლებრივ დევნას, როგორც ჩანს ჯერჯერობით არ აპირებენ. ანა ნადარეიშვილი საქმეში — მოწმეა თუ ბრალდებული — მხარეების თანახმად, განსაზღვრული ჯერ კიდევ არ არის.

 

ანა ნადარეიშვილის ომბუცმენისთვის გაგზავნილი განცხადება სრულად:


  მე, ანა ნადარეიშვილი, საქართველოს მოქალაქე და ლიცენზირებული ადვოკატი, მოგმართავთ განცხადებით, თქვენი კონსტიტუციური მანდატის ფარგლებში შეისწავლოთ ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ განხორციელებული ქმედებები, რომლებიც შეიცავს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით (ECHR), საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებით დაცული უფლებების მძიმე და სისტემურ დარღვევას.

  2025 წლის 25 დეკემბერს, ჩემს საცხოვრებელ სახლში, მიუხედავად იმისა, რომ ნახევარი საათით ადრე თანხმობა განვაცხადე დაკითხვაზე მისვლაზე, შემოიჭრა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებული სპეციალური დანიშნულების რაზმი, იმ დროს, როდესაც სახლში იმყოფებოდა ჩემი არასრულწლოვანი შვილი. შეიარაღებული სპეცრაზმის შემოჭრა აშკარად ატარებდა ძალადობრივ ხასიათს და წარმოადგენდა ძალის დემონსტრირებას მშვიდობიანი მოქალაქეების, მათ შორის არასრულწლოვანის მიმართ.

  სახლში შემოჭრის და ჩემი დაკავების პირველი წუთიდან, ისევე როგორც შემდგომ წინასწარი დაკავების იზოლატორში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში, იზოლატორში ყოფნის ბოლო წუთამდე, მე არაერთხელ და მკაფიოდ ვითხოვდი ადვოკატთან შეხვედრას, რაც დაფიქსირებულია ჩემი დაკავების ოქმში. მიუხედავად ამისა, მიზანმიმართულად არ მომეცა საშუალება მესარგებლა დაცვის უფლებით.

  მე და ჩემი მეუღლე გადაგვიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში, ხოლო ჩხრეკა საცხოვრებელ სახლში ჩატარდა მოგვიანებით — იმ დროს, როდესაც არც მე და არც ჩემი მეუღლე ადგილზე აღარ ვიმყოფებოდით. სახლში იყვნენ მხოლოდ ჩვენი შვილები, მათ შორის არასრულწლოვანი.

  ჩემმა მეუღლემ, ბაჩო ახალაიამ, სასამართლო სხდომაზე საჯაროდ განაცხადა, რომ მისი დაკავების შემდეგ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში, მას პირდაპირ განუცხადეს, რომ თუ იგი არ მისცემდა ჩვენებას საკუთარი თავისა და მისი მეგობრების წინააღმდეგ, სამართალდამცავი ორგანოები დააკავებდნენ მის მეუღლეს, ხოლო ჩვენი არასრულწლოვანი შვილი დარჩებოდა ობლად 10 წლის განმავლობაში.

  აღნიშნული განცხადება გაკეთდა სასამართლო სხდომაზე და წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას იძულებითი ჩვენების, ფსიქოლოგიური ზეწოლისა და დაშინების შესახებ.

  ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩემი სამართლებრივი სტატუსის დღემდე განუსაზღვრელობა სწორედ ამ ფსიქოლოგიური ძალადობის გაგრძელების ფორმას წარმოადგენს, რათა მუდმივად არსებობდეს ჩემი შესაძლო დაკავების საფრთხე და ამ გზით განხორციელდეს ზეწოლა ჩემს მეუღლეზე.

  აღნიშნული „გაურკვეველი სტატუსის“ მოტივით უკანონოდ შემეზღუდა ჩემი, როგორც ადვოკატის უფლებები. საქმისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესის მიუხედავად, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, სასამართლო სხდომა ჩაეტარებინა დახურულ რეჟიმში, მიუხედავად ბრალდებულის მხარის სასტიკი წინააღმდეგობისა.

  აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად ჩემს მეუღლეს ჩამოერთვა საჯარო განხილვის უფლება, რაც წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტურ ელემენტს. სასამართლო პროცესს ვერ დაესწრნენ და მომავალშიც ვერ დაესწრებიან ვერც მედიის წარმომადგენლები და ვერც საერთაშორისო დამკვირვებლები, რაც არსებითად ზღუდავს პროცესის გამჭვირვალობას და აჩენს გონივრულ ეჭვს სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე.

  ამ განცხადებით ვაფიქსირებ, რომ არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოში მოქმედი შიდა ინსტიტუციური მექანიზმები, მათ შორის დამოუკიდებელი ზედამხედველობის ორგანოები, ვერ უზრუნველყოფენ უფლებების ეფექტურ და დროულ დაცვას. აღნიშნული განცხადება წარმოადგენს ჩემი მხრიდან შიდა სამართლებრივი დაცვის საშუალებების ამოწურვის მცდელობას, იმ პირობებში, როდესაც არსებობს გონივრული ეჭვი მათი ეფექტიანობის მიმართ.

  მიუხედავად ამისა, ვითხოვ თქვენი მანდატის ფარგლებში:

  1. შეისწავლოთ აღნიშნული ფაქტები ECHR-ის 3, 5, 6, 8 და 13 მუხლების კონტექსტში;
  2. შეაფასოთ სამართალდამცავი ორგანოების, მათ შორის სუს-ის ქმედებები;
  3. მოახდინოთ რეაგირება არასრულწლოვანის უფლებების უხეშ დარღვევაზე;
  4. მოახდინოთ რეაგირება დაკავებისა და წინასწარი დაკავების იზოლატორში ყოფნის განმავლობაში ადვოკატთან წვდომის სრულ ბლოკირებაზე;
  5. მოითხოვოთ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებიდან ჩემი სამართლებრივი სტატუსის დაუყოვნებლივი და მკაფიო განსაზღვრა; და ჩემი პროფესიული მოვალეობის შესრულების ხელშეშლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;      4.(ხელნაწერში ნუმერაცია მეორდება) შეისწავლოთ იძულებითი ჩვენების, მუქარისა და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები, მათ შორის სუს-ის შენობაში ჩემი მეუღლის მიმართ განხორციელებული ზეწოლის ეპიზოდი, და მოახდინოთ ამ ფაქტზე სათანადო რეაგირება.                                                                                                          5. (ხელნაწერში ნუმერაცია მეორდება) შეაფასოთ სასამართლოს მიერ პროცესის დახურულ რეჟიმში ჩატარების გადაწყვეტილება, საზოგადოების მაღალი ინტერესის პირობებში და დაადგინოთ, რამდენად შეესაბამება აღნიშნული გადაწყვეტილება სამართლიანი სასამართლოს საერთაშორისო სტანდარტებს.
  6. გასცეთ საჯარო დასკვნა და რეკომენდაციები ადამიანის უფლებათა დარღვევის პრაქტიკის შეწყვეტაზე, არასრულწლოვანების დაცვის სტანდარტების უზრუნველყოფაზე, ადვოკატთა დამოუკიდებლობისა და პროფესიული უფლებების რეალურ დაცვაზე.
  7. უზრუნველყოთ ჩემი და ჩემი ოჯახის დაცვა შესაძლო შემდგომი ზეწოლისაგან, მათ შორის ფსიქოლოგიური ან ინსტიტუციური ანგარიშსწორებისაგან.
  8. მომაწოდოთ წერილობითი, დასაბუთებული პასუხი კანონით დადგენილ ვადებში, თითოეულ ზემოაღნიშნულ საკითხზე.
  9. გაითვალისწინოთ, რომ თქვენი რეაგირება ან რეაგირების არარსებობა გამოყენებული იქნება როგორც მტკიცებულება შიდა სამართლებრივი დაცვის საშუალებების ეფექტიანობის შეფასებისას საერთაშორისო მექანიზმების წინაშე, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში”,- ვკითხულობთ განცხადებაში.

   როგორც ანა ნადარეიშვილი ამბობს, განცხადების გამოქვეყნების შემდეგ მას სახალხო დამცველის აპარატიდან დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ სავარაუდო დარღვევის შესწავლის მიზნით, საქმის წარმოება უკვე დაწყებულია, ამასთან, კონკრეტულ დარღვევებთან დაკავშირებით წერილობითი ფორმით ინფორმაციისა და დოკუმენტების წარდგენა მოსთხოვეს, რასაც, მისივე თქმით, ხვალვე გააკეთებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი