ახალგორელ აქტივისტს, თამარ მეარაყიშვილს, რომელსაც ცხინვალი “ჯაშუშობას” ედავება, ადგილობრივმა სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დახურული სასამართლო სხდომა ცხინვალში დღეს, 24 დეკემბერს გაიმართა. სხდომას ვერ დაესწრნენ თამარ მეარაყიშვილის მშობლები და ახლობლები.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების უწყებამ [КГБ] გუშინ, 23 ნოემბერს, წინა ღამით დაკავებული თამარ მეარაყიშვილის მიმართ ბრალდება დააზუსტა – “დაკავებული ეჭვმიტანილია იმაში, რომ საქართველოს სპეცსამსახურებთან აფელირებულ უცხოურ მედიასაშუალებებს ინფორმაციას გადასცემდა”.
КГБ-ს განცხადებით, ჯაშუშობაში ბრალდებულ თამარ მეარაყიშვილს „მედიასაშუალებები იყენებდნენ პროპაგანდისტულ ღონისძიებებში საქართველოსა და მისი დასავლელი პარტნიორების ინტერესების გასატარებლად“.
“ამ ეტაპზე დაკავებულის მიმართ რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. საქმის ფარგლებში ტარდება აუცილებელი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები, რათა დადგინდეს ეჭვმიტანილის შესაძლო თანამზრახველები და კავშირები სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე”, – წერს სააგენტო “რეს” КГБ-ზე
უწყების წინა განცხადების მიხედვით, გამოძიების ვერსიით, საქართველოს მოქალაქე, რომელიც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, ახორციელებდა ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემას რესპუბლიკის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების შესახებ, რითაც საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის უსაფრთხოებას“.
პირველად მეარაყიშვილი 2017 წლის 16 აგვისტოს ე.წ. სამხრეთ ოსეთის მილიციამ საცხოვრებელ სახლთან ყოველგვარი ახსნა-განმარტების და შესაბამისი ორდერის გარეშე დააკავა. მოგვიანებით მას ბრალი წარედგინა პარტია „ერთიანი ოსეთის“ ცილისწამების, სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის უკანონო მოპოვებისა და ყალბი დოკუმენტების გამოყენებისთვის. ბრალდებები მას 2023 წელს მოუხსნეს მტკიცებულებების არარსებობის გამო.
ცხინვალში დევნის გამო მას არაერთხელ უთხოვია პირისპირ შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან და დახმარება, თუმცა, ყველა ჯერზე მას უარს ეუბნებოდნენ.
“4 წელია ვიდევნები სამოქალაქო აქტივიზმის გამო ბიბილოვის სურვილით- 3 ს/ს საქმეზე ვარ ბრალდებული ფორმალურად. 4 წელია არ შემიძლია ვისარგებლო თავისუფალი გადაადგილებით. მთელი ეს წლები რამდენიმე ათეული სასამართლო სხდომაზე მომიწია დასწრება და პროკურატურაში დაკითხვებზე.
საქართველოს ხელისუფლება ერიდება ჩემი პრობლემის წამოწევას. თუ ჩემზე საუბრობს, არის ფორმალური ხასიათის და თავადაც კარგად იციან, რომ მე ეს ვერ დამეხმარება მდგომარეობის შემსუბუქებაში”, – აცხადებდა მეარაყიშვილი 2021 წელს.








