ახალი ამბები

განათლების სამინისტრო უარყოფს მინისტრის მოადგილის განცხადებას

9 დეკემბერი, 2025 •
განათლების სამინისტრო უარყოფს მინისტრის მოადგილის განცხადებას

„ქართული ოცნების“ განათლების სამინისტრო უარყოფს მინისტრის მოადგილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც აბიტურიენტები რამდენიმე უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის არჩევას ვეღარ შეძლებენ.

„გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მომავალი წლიდან აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციისას ერთზე მეტ საგანმანათლებლო პროგრამას ვერ აირჩევენ, სიმართლეს არ შეესაბამება.

აბიტურიენტებს არ შეეზღუდებათ არჩევანის თავისუფლება. მათ ექნებათ შესაძლებლობა, ჩამონათვალში მიუთითონ სახელმწიფო თუ კერძო უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული საგანმანათლებლო პროგრამები“, – ნათქვამია განათლების სამინისტროს განცხადებაში.

აბიტურიენტების მიერ ფაკულტეტისა და უნივერსიტეტების არჩევის წესზე განათლების მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ 8 დეკემბერს „ქართული ოცნების“ პარლამენტში ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.

„თქვენ იცით, რომ დღეს არსებული მოდელის მიხედვით, როდესაც სტუდენტი ხაზავს სასურველ ფაკულტეტებს, მას აქვს ვარიანტები, რომ რამდენიმე უნივერსიტეტი მოხაზოს და საბოლოო ჯამში, ის თუ ვერ მოხვდა თავისი ქულების მიხედვით პირველ უნივერსიტეტში, ან მეორეში მოხვდება, ან მესამეში, ან მეოთხეში და რეალურად ამით ხარისხი ვარდება.

ახალი მოდელის მიხედვით, ამის საშუალება არ იქნება, ანუ მთავარი ამოცანა იქნება, რომ მხოლოდ მაღალკვალიფიციური, მაღალი ქულების მქონე სტუდენტები მოხვდნენ, რადგან ჩვენთვის ფუნდამენტური ამოცანაა, რომ ხარისხი გავზარდოთ ამ მიმართულებით. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ მოკლე პერიოდში პირველადი შედეგები ნამდვილად გვექნება, რადგან იქ მოხვდებიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე აბიტურიენტები“,- განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი