ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანი საქართველოს მედიის მიმართულებით გამოცდილებებს უზიარებს

5 დეკემბერი, 2025 •
აზერბაიჯანი საქართველოს მედიის მიმართულებით გამოცდილებებს უზიარებს

აზერბაიჯანი, რომელსაც რეგიონში მედიის თავისუფლების კუთხით ყველაზე კრიტიკული მდგომარეობა აქვს, მზადაა, საქართველოს საკუთარი გამოცდილებები გაუზიაროს.

“აზერბაიჯანს და საქართველოს აქვთ შესაძლებლობა, ერთობლივად განახორციელონ პროექტები გლობალური საინფორმაციო საფრთხეების წინააღმდეგ და გააძლიერონ თანამშრომლობა ამ მიმართულებით”, – როგორც Trend იუწყება, ამის შესახებ აზერბაიჯანის მედიის განვითარების სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა, აჰმედ ისმაილოვმა ბაქოში გამართული აზერბაიჯანულ-ქართული მედიაფორუმის გახსნაზე განაცხადა.

ფორუმის თემაა: „მედიის როლი საზოგადოებრივი ნდობის ჩამოყალიბებაში და საინფორმაციო უსაფრთხოება“.

საქართველოდან ბაქოში ფორუმის მონაწილეებს შორის არიან პირველი არხის წარმომადგენელი რამილია ალიევა და იოანე შაიშმელაშვილი, Post.tv-ს წამყვანი, ავტორი გადაცემისა “ევროკრატია – ყოფილი ევროპა”. სხვა მონაწილეების შესახებ ინფორმაცია აზერბაიჯანულ მედიას ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.

ისმაილოვის თქმით, “მედიის განვითარების სააგენტო უკვე ტრადიციად ქცეულ ნაბიჯებს დგამს საზოგადოებაში მედიაწიგნიერების ასამაღლებლად, ხოლო დეკემბერში აზერბაიჯანში გამართული მედიაწიგნიერების კვირეული კიდევ უფრო აძლიერებს საგანმანათლებლო მუშაობას ამ სფეროში”.

„ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარებისთვის ჩვენს ქართველ კოლეგებთან. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა რეგიონში თანამშრომლობის მაგალითია. აზერბაიჯანულ-ქართული მედიაფორუმი საშუალებას მოგვცემს, მედიის სფეროში ურთიერთობები ახალ დონეზე ავიყვანოთ“, – თქვა ისმაიილოვმა.

გამოცემა trend-ის ცნობით, ბაქოში მიმდინარე ფორუმზე განიხილავენ “მედიის გაძლიერების გზებს საინფორმაციო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჟურნალისტების პროფესიონალიზმის ამაღლებას, საზოგადოების მედიაწიგნიერების ზრდას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. ფორუმის მიზანია ორი ქვეყნის მედიასფეროს თანამშრომლობის გაღრმავება, საინფორმაციო გარემოში ნდობის ზრდა და უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების სწორი შეფასება”.


დღეს აზერბაიჯანში მედიაგარემო ერთ-ერთ ყველაზე შეზღუდულად ითვლება რეგიონში. ბოლო წლებში ქვეყანაში მედია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ კვლავ შეფასებულია როგორც „არათავისუფალი“. დამოუკიდებელი ჟურნალისტების საქმიანობა ქვეყანაში ფაქტობრივად შეუძლებელია.

აზერბაიჯანის მედიის უდიდესი ნაწილი დღეს დაკავშირებულია ხელისუფლებასთან, პირდაპირ ან მფლობელობის, ან სარედაქციო პოლიტიკის თვალსაზრისით. რაც შეეხება დამოუკიდებელ პლატფორმებს, მათი დიდი ნაწილი წლების განმავლობაში დაიხურა, იძულებული გახდა ემიგრაციაში გადასულიყო ან ონლაინ რეჟიმზე გადასულიყო. დამოუკიდებელი ჟურნალისტების ნაწილი დღეს აზერბაიჯანის ციხეებშია გამოკეტილი მათ წინააღმდეგ სხვადასხვა სისხლის სამართლის ბრალდების შედეგად.

ამასთან, აზერბაიჯანმა მიიღო კანონი მედიის შესახებ, რომელიც ჟურნალისტად აღიარებისთვის საჭიროდ ხდის სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციას და მედიაპლატფორმებს აკისრებს მკაცრ რეგულაციებს დაფინანსების წყაროებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი