ახალი ამბები

ფედერიკა მოგერინი ბრალის წაყენების შემდეგ გაათავისუფლეს

3 დეკემბერი, 2025 •
ფედერიკა მოგერინი ბრალის წაყენების შემდეგ გაათავისუფლეს

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის ყოფილ უმაღლეს წარმომადგენელს, ფედერიკა მოგერინის ბრალი წაუყენეს შესყიდვებთან დაკავშირებული თაღლითობისა და კორუფციის, ინტერესთა კონფლიქტისა და პროფესიული საიდუმლოების დარღვევისთვის.

მასთან ერთად, ბრალდებულები არიან ევროკომისიის ახლო აღმოსავლეთის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი სტეფანო სანინო და ევროპის კოლეჯის თანამშრომელი.

სამივე მათგანი ბელგიის პოლიციამ სამშაბათს, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში (EEAS), ევროპის კოლეჯსა და კერძო სახლებში ჩატარებული რეიდების შემდეგ დააკავა, თუმცა გვიან ღამით გაათავისუფლეს. პროკურატურის თანახმად, გამოძიების მიმდინარეობისას ბრალდებულების გაქცევის საფრთხე არ არსებობს.

„ყველა პირი უდანაშაულოდ ითვლება მანამ, სანამ მისი დანაშაული ბელგიის კომპეტენტური სასამართლოების მიერ არ დამტკიცდება“, — განაცხადა ევროპის საჯარო პროკურატურამ (EPPO).

EPPO-ს ცნობით, გამოძიება ეხება „საეჭვო თაღლითობას, რომელიც დაკავშირებულია ევროკავშირის მიერ ახალგაზრდა დიპლომატებისთვის დაფინანსებულ ტრენინგთან“.

გამოძიება ეხება 2021-22 წლებში ევროკავშირის საბიუჯეტო სახსრების შესაძლო ბოროტად გამოყენებას ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროპის კოლეჯის მიერ. ფედერიკა მოგერინი, რომელიც EEAS-ს 2014-2019 წლებში ხელმძღვანელობდა, ამჟამად მეორე ვადით არის ევროპის კოლეჯის რექტორი. ასევე, არის ევროკავშირის დიპლომატიური აკადემიის დირექტორი.

ფედერიკა მოგერინი დააკავეს — Euractiv

მასალების გადაბეჭდვის წესი