პოლიციის აკადემიას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭება. შესაბამისი კანონპროექტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა.
“წარმოდგენილი კანონის პროექტით დგინდება გამონაკლისი, რომლის მიხედვითაც საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებას არ დაამტკიცებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და მისი მონაწილეობა შემოიფარგლება მხოლოდ დასკვნის გაცემით, ხოლო საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელმწიფო კონტროლს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ნაცვლად განახორციელებს [შინაგან საქმეთა] სამინისტრო”, – წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უწყება საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში მოამზადებს გამომძიებლებს, პატრულ-ინსპექტორებს, მართლწესრიგის ოფიცრებს, დეტექტივებს, მესაზღვრე-კონტროლიორებს, მესაზღვრეებს და ექსპერტ-კრიმინალისტებს.
“საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამაზე მიიღება პირი, რომელიც დააკმაყოფილებს პოლიციაში სამუშაოდ მიღებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გაივლის შემოწმებას ან/და წარმატებით ჩააბარებს ერთიან ეროვნულ გამოცდებს. სტუდენტის სწავლის დაფინანსებას უზრუნველყოფს სახელმწიფო, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით
პოლიციის აკადემიის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთანავე სტუდენტს მიენიჭება უმცროსი სპეციალური წოდება − რიგითი, ხოლო კურსდამთავრებულს – საშუალო სპეციალური წოდება – ლეიტენანტი; სწავლის პერიოდი სტუდენტს კალენდარულ წელთა ნამსახურობაში ჩაეთვლება; გარდა ამისა, სტუდენტები უზრუნველყოფილნი იქნებიან საჭირო ინვენტარითა და სასწავლო მასალით, კვებითა და შესაბამისი უნიფორმით; ამასთან, აკადემიის სტუდენტებს სწავლის პერიოდში შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ საერთო საცხოვრებლით და პოლიციელისთვის გათვალისწინებული სოციალური და სამართლებრივი გარანტიებით. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს კურსდამთავრებულთა დასაქმებას სამინისტროს სისტემაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით”, – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
“ქართული ოცნების” პარლამენტი კანონპროექტის მიღებას გეგმავს 2026 წლის თებერვალში, მისი ამოქმედება კი 1-ელი მარტიდან იგეგმება.








