ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანში Kanal-13-ის ხელმძღვანელმა აზიზ ორუჯევმა 2 წლის შემდეგ ციხე დატოვა

28 ნოემბერი, 2025 •
აზერბაიჯანში Kanal-13-ის ხელმძღვანელმა აზიზ ორუჯევმა 2 წლის შემდეგ ციხე დატოვა

აზერბაიჯანული ინტერნეტ-ტელევიზია Kanal-13-ის ხელმძღვანელი აზიზ ორუჯევი გათავისუფლდა მას შემდეგ, რაც სრულად მოიხადა სასჯელი. ორუჯევი 27 ნოემბრის დილას გათავისუფლდა №16 სასჯელაღსრულებითი დაწესებულებიდან – ამის შესახებ „კავკაზსკი უზელი“ წერს მის ადვოკატ ბაჰრუზ ბაირამოვზე დაყრდნობით.

აზიზ ორუჯევს, რომელსაც უკანონო მშენებლობას ედავებოდნენ, 26 თებერვალს სასამართლომ ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დაცვის მხარემ განაჩენი გაასაჩივრა. 12 მაისს ბაქოს სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. 13 ნოემბერს აზერბაიჯანის უზენაესმა სასამართლომაც იგივე გადაწყვეტილება მიიღო.

Kanal-13-ის ხელმძღვანელი აზიზ ორუჯევი 2023 წლის ნოემბრიდან იყო დაკავებული. ორუჯევს და ტელევიზიის თანამშრომელს, შამო ემინოვს, ვალუტის კონტრაბანდაში სდებდნენ ბრალს, თუმცა ორივე მათგანი დანაშაულს უარყოფდა. წინასწარი გამოძიების შედეგად ორუჯევს კონტრაბანდის მუხლი მოუხსნეს და მხოლოდ უკანონო მშენებლობის ბრალდება დარჩა. შამო ემინოვის საქმე გამოიყო ცალკე წარმოებად.

ორუჯევის ადვოკატის თქმით, თუ ორუჯევი ისურვებს, განაჩენზე შუალედური სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (ECHR) იქნება შეტანილი.

„უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე არსებობს და ქვეყნის შიგნით გასაჩივრების ყველა მექანიზმი ამოწურულია, ამიტომ შეიძლება მივმართოთ ECHR-ს. რადგან აზიზის სისხლისსამართლებრივი დევნა სრულიად უსაფუძვლო იყო“ ,- განაცხადა ადვოკატმა.

ჟურნალისტის ცოლის თქმით, ორწლიანი საპატიმრო გამოცდილებამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა აზიზის ჯანმრთელობას. მისივე განმარტებით, მკურნალობისა და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსის გავლის შემდეგ ორუჯევი მედიასაქმიანობას დაუბრუნდება.

როგორც გამოცემა “კავკაზსკი უზელი” წერს, Kanal-13-მა საქმიანობა ორუჯევის დაკავების შემდეგაც არ შეწყვიტა, თუმცა ეთერიდან გაქრა ფართო ფორმატის ვიდეოინტერვიუები, რომლებიც ეხებოდა სოციალურ-პოლიტიკურ აქტუალურ თემებს. ამის მიუხედავად, ტელევიზია აგრძელებს ფუნქციონირებას საინფორმაციო ფორმატში და აშუქებს მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან პრობლემებს.

უფლებადამცველებმა აზიზ ორუჯევი პოლიტპატიმრად აღიარეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი