ახალი ამბები

რუსეთში პოლონეთის ელჩს თავს დაესხნენ

20 ნოემბერი, 2025 •
რუსეთში პოლონეთის ელჩს თავს დაესხნენ

რუსეთსა და პოლონეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების ფონზე, სანქტ-პეტერბურგში „აქტივისტების ჯგუფი“ დაუპირისპირდა პოლონეთის ელჩს რუსეთში, კშიშტოფ კრაევსკის.

პოლონეთის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ელჩი პეტერბურგში ადგილობრივ პოლონელებთან შესახვედრად იყო ჩასული. პოლონური მედიის ინფორმაციით, როდესაც კრაევსკი კონსულთან ერთად პოლონურ ეკლესიაში წირვაზე მიდიოდა, მას რუსი „აქტივისტების“ აგრესიული ჯგუფი გარს შემოერტყა.

მათ ეჭირათ პლაკატები ანტიპოლონური და ანტიუკრაინული ლოზუნგებით და პოლონეთს აკრიტიკებდნენ უკრაინაში იარაღის გაგზავნის გამო.

„თავიდან ეს სიტყვიერი შეურაცხყოფა იყო, თუმცა შემდეგ ადგილი ჰქონდა ფიზიკური ძალის გამოყენების აშკარა მცდელობას. საჭირო გახდა ელჩის დაცვის ჩარევა“, — განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

მისი თქმით, დიპლომატს სერიოზული დაზიანებები არ მიუღია.

თავად კრაევსკი იუწყება, რომ მსგავსი ინციდენტები ხშირად ხდება მოსკოვის გარეთ პოლონურ თემთან შეხვედრების დროს. მაგალითად, სმოლენსკსა და ირკუტსკში დახვდნენ „აქტივისტები“, რომლებიც ანტიპოლონურ ლოზუნგებს ყვიროდნენ. მას ასევე არაერთხელ მიმართავდნენ უცნობი პირები, რომლებიც ჟურნალისტებად ასაღებდნენ თავს და პროვოკაციულ კითხვებს უსვამდნენ.

15-16 ნოემბერს პოლონეთში, ვარშავა-ლუბლინის რკინიგზის ხაზზე, რომელიც უკრაინის საზღვრამდე მიდის, დივერსიის ორი აქტი მოხდა. პოლონეთის ხელისუფლება აცხადებდა, რომ დივერსიაში უკრაინელები მონაწილეობდნენ, რომლებიც რუსეთის სადაზვერვო სამსახურებთან თანამშრომლობდნენ. 19 ნოემბერს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გდანსკში დახურა რუსეთის ბოლო გენერალური საკონსულო და დარჩა მხოლოდ საელჩო ვარშავაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი