დაკავებული ლექტორის, ქეთევან ხუსკივაძის ადვოკატი მარიამ კალანდაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს საპატრულო პოლიციის უფროსმა, გოგა მემანიშვილმა უშუალოდ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.
დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფი ქეთევან ხუსკივაძე ასევე აცხადებს, რომ ძალის გადამეტებით დააკავა არაერთმა პოლიციელმა, რის გამოც ტკივილს განიცდის იღლიის და კისრის არეში.
“მას სიტყვიერი შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია. მეტიც, აბსოლუტურად უკანონოდ დააკავა რამდენიმე პოლიციელმა ძალის გადამატებით. მას მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, მათ შორის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა. როგორც დაკავებულმა განმიცხადა, უშუალოდ გოგა მემანიშვილმა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა დაკავებისას. მას აგინეს. გრძნობს ტკივილს კისრისა და იღლიის არეში, ვინაიდან ძალის გამოყენებით აკავებდნენ და ეს იმისდა მიუხედავად, რომ მისი მხრიდან წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია”, – ამბობს ადვოკატი ტვ პირველთან.
გუშინ, 19 ნოემბერს პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 13 პირი დააკავა. მათი სასამართლო პროცესები, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება.
19:00 საათზე თსუ-დან დაანონსებული იყო პატიმრობაში მყოფი 21 წლის მათე დევიძის მხარდამჭერი აქცია-მსვლელობა. აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გავლით, რუსთველის გამზირზე გადაინაცვლეს, შემდეგ კი ნაწილმა მსვლელობა პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩაზე განაგრძო. პოლიცია დემონსტრანტებს გზის სავალ ნაწილზე გადასვლის შესაძლებლობას არ აძლევდა.
აქტივისტებისა და თვითმხილველების ცნობით, დააკავეს 13 ადამიანი:
- ქეთევან ხუსკივაძე
- ლუკა ხიზაძე
- ხალიბეგ მაგამედოვი
- რეზი დუმბაძე
- გიორგი ჟამერაშვილი
- ელენე ბერიკაშვილი
- გია ჯვარშეიშვილი
- ვასო ბერიძე
- ნინო ბარძიმიშვილი
- მარიამ სვანიშვილი
- დავით გუნაშვილი
- ნ.დ.
- ნინო გუდაშვილი
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციის 13 მონაწილე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დააკავეს.
„დაკავებული პირები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, პოლიციის მიერ დღეს განხორციელებული ქმედება — მათე დევიძის მხარდამჭერი მარშის მონაწილეთა წინააღმდეგ მიმართული უკანონო ხელშეშლა, პროტესტის ჩახშობა და ადამიანების უკანონო დაკავება — წარმოადგენს ე.წ. სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.
„ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს არ მისცეს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა. მიუხედავად საკმარისი რაოდენობისა, აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით ჯერ ტროტუარებზე გადაიყვანეს, შემდეგ კი ტროტუარის დატოვებისკენაც მოუწოდეს. ამის პარალელურად, ფიზიკური ძალის გამოყენებით 10-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს. დღევანდელი ქმედება არის დანაშაული. „ქართული ოცნება“ მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ იყენებს ძალისმიერ მეთოდებს და საბოლოოდ ცდილობს პროტესტის მონაწილეებისთვის გამოხატვის უფლების წართმევას“, — ნათქვამია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში.








