თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილე გოგა მემანიშვილი აცხადებს, რომ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს აქციაზე დაკავებისგან იმუნიტეტი არ იცავს.
მემანიშვილმა ეს განცხადება გააკეთა მელიქიშვილზე პროტესტის მონაწილეების დარბევის შემდეგ, რა დროსაც პოლიცია თავს დაესხა ტელეკომპანია „მთავარის“ ოპერატორს სერგი ბარამიძეს და დააკავა. დაზიანდა სერგი ბარამიძის ვიდეოკამერაც.
„არ განხორციელებულა ძალადობა. იმუნიტეტი იცავს ოპერატორს ან ჟურნალისტს? კანონს რომ არღვევს და არ ემორჩილება, არ უნდა დააკავო? დაკავებულს განემარტა, რაც დაარღვია. არ დაემორჩილა პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას. მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. სასამართლოში მივიყვანთ და თავისი უდანაშაულობა იქ დაამტკიცოს“, — ეუბნება მემანიშვილი ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტს.
ნეტგაზეთის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ბარამიძის დაკავება იმ დროს მოხდა, როცა ის მშვიდობიანი დემონსტრანტის დაკავებას იღებდა. სერგი ბარამიძე დაკავების შემდეგ პოლიციაში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი გაათავისუფლეს.
„ძირს ვეგდე და მირტყამდნენ, ყველა მირტყამდა ვისაც გაუხარდებოდა,“ – უთხრა ტვ პირველის ჟურნალისტს „მთავარი არხის“ ოპერატორმა მას შემდეგ რაც გაათავისუფლეს.
„დღეს, 19 ნოემბერს, აქციის დარბევის გაშუქებისას, პოლიციის მხრიდან ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ განხორციელებული ძალადობა პრესის თავისუფლების და დემოკრატიული პრინციპების წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია“, — განცხადებას ავრცელებს მედიის ადვოკატირების კოალიცია.
გარდა „მთავარი არხის“ ოპერატორის ძალადობრივი დაკავებისა, პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა პუბლიკას ჟურნალისტს, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელს უშლიდნენ ნეტგაზეთისა და OC Media-ს ჟურნალისტებს.
„სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ პარტია “ქართულ ოცნებას”, რომელიც არ უზრუნველყოფს ქვეყანაში მედიის საქმიანობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას, და საკუთარი ქმედებებით, პირიქით ახალისებს და ხელს უწყობს ძალადობრივ გარემოს.
კოალიცია მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს – დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ძალადობრივი ქმედებები მედიის წარმომადგენლებისა და აქციის მონაწილეების მიმართ“, – წერია მედიაკოალიციის განცხადებაში.
ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტს ომბუდსმენიც გამოეხმაურა. ის მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს როგორც ჟურნალისტებზე, ისე აქციის მონაწილეებზე შესაძლო ძალადობის ფაქტები.
ამავე დროს, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე სოლიდარობა გამოუცხადა სამთავრობო პროპაგანდისტული ტელევიზიების წარმომადგენლებს, რომლებსაც ოპოზიცია და საპროტესტო აქციის მონაწილეები „აბულინგებენ“ და საქმიანობაში ხელს უშლიან.
აქციის დარბევისა და ჟურნალისტებზე ძალადობის შემდეგ სახელისუფლებო მედიების წარმომადგენლებს პროტესტის მონაწილეები კამერების წინ ტრანსპარანტებით, დროშებით უდგებოდნენ, და ძალადობის დაგმობას ითხოვდა.