სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუს) აცხადებენ, რომ გამოავლინეს საფლავის უკანონოდ გასხვისების ფაქტი. უწყების ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა მუხათგვერდის სასაფლაოს ზედამხედველი.
როგორც სუს-ში აცხადებენ, დაკავებულია თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული შპს-ის, “ჰერმესის” თანამშრომელი.
“ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ქ. თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული შპს „ჰერმესის“ მუხათგვერდის სასაფლაოს ზედამხედველი საქართველოს მოქალაქეს, მიუხედავად იმისა, რომ მუხათგვერდის სასაფლაო ქ. თბილისის მერიის დაქვემდებარებაშია და კანონით გარდაცვალების ცნობის გარეშე საფლავის გასხვისება არ შეიძლება, დაჰპირდა, რომ გარდაცვალების ცნობის გარეშე, საკუთრებაში გადასცემდა მუხათგვერდის სასაფლაოზე მდებარე სამადგილიან საფლავს და დაუმზადებდა საფლავის მოწმობას, რომელშიც ჩაიწერებოდა ხსენებული მოქალაქის გარდაცვლილი ბაბუის მონაცემები, რომ თითქოს საფლავის ტერიტორიაზე უკვე დასაფლავებული იყო აღნიშნული პირი და გაკეთდებოდა შესაბამისი წარწერა, რის სანაცვლოდაც მოითხოვა 4600 ლარის გადახდა.
2025 წლის 3 და 5 ნოემბერს მოქალაქემ ბრალდებულს გადასცა მოთხოვნილი თანხის ნაწილი 2100 ლარის ოდენობით. 2025 წლის 14 ნოემბერს სასაფლაოს ზედამხედველმა პირმა ხსენებულ მოქალაქეს გადასცა საფლავის მოწმობა და გამოართვა თანხის დარჩენილი ნაწილი – 2500 ლარი”, – წერია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყებამ სავარაუდო დანაშაულის გამოსავლენად ფარულად გადაიღო ვიდეო და აუდიო მასალა.
დაკავებულს კაცს ედავებიან სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილის ა ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, რაც კომერციულ მოსყიდვას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.








