საქართველომ გაათავისუფლა Netflix-ის დოკუმენტური სერიალის, Tinder Swindler-ის გმირი საიმონ ლევიევი (ნამდვილი სახელი და გვარი შიმონ ჰაიუტი). ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ბრიტანული ტაბლოიდი “დეილი მეილი”.

ლევიევი ბათუმში გერმანიის მოთხოვნით დააკავეს, რომლის მოქალაქე ქალიც მას თაღლითობაში და ფულის მისაკუთრებაში ადანაშაულებდა. ბრიტანული გამოცემის ცნობით კი, ლევიევმა შეძლო საპროცესო შეთანხმების მიღწევა გერმანულ პროკურატურასთან. მას შემდეგ, რაც გერმანიამ ლევიევზე ინტერპოლით ძებნა შეწყვიტა, ამ უკანასკნელმა ქართული ციხე დატოვა.

ლევიევს დასავლურ პრესაში მოიხსენიებენ “ტინდერის თაღლითად”.  ტინდერი გაცნობის აპლიკაციაა, რომელსაც მილიონობით ადამიანი იყენებს მსოფლიოში. ამ ცნობების თანახმად, ლევიევი მდიდარ ქალებს იცნობდა და შემდეგ  ფულს თაღლითურად ართმევდა.

„ლევიევი თაღლითია, რომელიც, Netflix-ის დოკუმენტური ფილმის თანახმად, ​​წლების განმავლობაში ბრილიანტის საბადოების მეპატრონის მემკვიდრედ წარმოაჩენდა თავს და ქალებს Tinder-ის გაცნობის აპლიკაციაში ატყუებდა“, – წერს „იერუსალიმის პოსტი“ ლევიევის შესახებ.

თავად ლევიევმა CNN-თან ინტერვიუში თაღლითობის ფაქტები უარყო და განაცხადა, რომ “ის უბრალოდ კაცია, რომელსაც ტინდერში ქალების გაცნობა სურდა”.