ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საცხოვრებელი სახლი დააყადაღეს. ადვოკატის, ამირან გიგუაშვილის ინფორმაციით, სწორედ ეს სახლი იქნება გამოყენებული იმ გირაოს სანაცვლოდ, რომელიც ღარიბაშვილს მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ შეუფარდა.
“მე, როგორც ადვოკატმა, მივმართე სასამართლოს შუამდგომლობით, რომ იმ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის, რაც სასამართლომ შეუფარდა ბატონ ირაკლის, ჩანაცვლებულიყო უძრავი ქონებით, როგორც ამას ითვალისწინებს კანონი”, – უთხრა TV პირველს გიგუაშვილმა.
ღარიბაშვილის კიდევ ერთი ადვოკატის, ლილი გელაშვილის ინფორმაციით, სახლის ღირებულება მილიონ ლარზე მეტია და დამატებით, გირაოს სხვა სახით უზრუნველყოფა საჭირო არ გამხდარა. მისივე თქმით, ღარიბაშვილი ოჯახთან ერთად ამ სახლში გააგრძელებს ცხოვრებას.
ლილი გელაშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკება არ მიმდინარეობს.
ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთს ღონისძიების სახით 1 000 000 ლარის ოდენობის გირაო 24 ოქტომბერს შეუფარდეს. პროკურატურა მას ედავება უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
სასამართლო სხდომაზე, სადაც ირაკლი ღარიბაშვილის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობდნენ, პროკურორმა ნათია თათიაშვილმა განმარტა, რომ მაშინ, როცა ღარიბაშვილი წლების განმავლობაში იკავებდა მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებს, უკანონოდ მოიპოვებდა შემოსავლებს, მას აფორმებდა ოჯახის წევრების, მშობლების სახელზე, შემდგე კი დეკლარაციაში უთითებდა, რომ ეს ქონება მას მშობლებმა აჩუქეს.
პროკურორის თქმით, დაუსაბუთებლად მოპოვებული თანხის ნაწილი ღარიბაშვილმა უცხოურ ვალუტაში დააკონვერტირა და სახლში ინახავდა ნაღდი ფულის სახით, რომელიც პოლიციელებმა მისი საცხოვრებლის ჩხრეკისას ამოიღეს.
ამავე თემაზე:








