ახალი ამბები

დააკავეს ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე

11 ნოემბერი, 2025 •
დააკავეს ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე

დააკავეს ბიზნესმენი, ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი — პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი.

გამოძიებით თანახმად, ლევან გამრეკელმა ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში შექმნა ორგანიზებული ჯგუფი პაატა ნოზაძესთან და რომან მეტივიშვილთან ერთად.

„ორგანიზებული ჯგუფის წევრები 2020-2023 წლებში ფარულად დაეუფლნენ შიდა ქართლის რეგიონის ტერიტორიაზე არსებულ 5 000 000 ლარის ღირებულების, სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს, რის შედეგადაც სახელმწიფოს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა“, — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით ქურდობა) წარედგინებათ, რაც 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს და აცხადებს, რომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტების გამოვლენის და დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით გამოძიება გრძელდება.

ლევან გამრეკელი 2017-2025 წლებში იყო ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებზე ხაშურის მერობის კანდიდატად მოიაზრებოდა, თუმცა აღარც საკრებულოს სიაში ჩასვეს.

„დავასრულე ჩემი რვაწლიანი მოღვაწეობა ხაშურის საკრებულოში. მადლობა მინდა გადაუხადო საკრებულოს და მერიის თანამშრომლებს, ვის გვერდითაც მომიწია ამ ხნის მანძილზე მუშაობა. მინდა, წარმატებები ვუსურვო საკრებულოს ახალ შემადგენლობის ყველა წევრს და ახლა არჩეულ მერს“, — დაწერა გამრეკელმა პირველ ნოემბერს სოციალურ ქსელში.

მედია ჯერ კიდევ წლების წინ მიუთითებდა ლევან გამრეკელის მიერ საეჭვოდ მოგებულ ტენდერებზე. „ფორმულა“ 2020 წელს იუწყებოდა, რომ მხოლოდ ხაშურის მუნიციპალიტეტში გამრეკელის კომპანიებს ნახევარ მილიონამდე ლარის ტენდერი აქვთ მოგებული.

ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, 2023 წელს ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის წლიურმა შემოსავალმა 3.7 მლნ ლარს მიაღწია და ქველმოქმედებაში 400 000 ლარი დახარჯა. დეკლარაციის მიხედვით, ლევან გამრეკელს შემოსავლის სამი წყარო აქვს. ესენია კომპანიები: „თა-თა“, „ლე-გა“ და „ლდბჯ“.

 

განახლება: მასალა განახლდა პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი