ახალი ამბები

ომბუდსმენმა სახის დაფარვაზე საქალაქო სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა

10 ნოემბერი, 2025 •
ომბუდსმენმა სახის დაფარვაზე საქალაქო სასამართლოს  მეგობრის მოსაზრებით მიმართა

7 ნოემბერს სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრის (𝐀𝐦𝐢𝐜𝐮𝐬 𝐂𝐮𝐫𝐢𝐚𝐞) ზოგადი მოსაზრებით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა, რომელშიც აქციის მონაწილეების მიერ სახის დაფარვის შემთხვევებთან დაკავშირებული უფლებრივი სტანდარტია განხილული.

ამასთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცვლი განცხადებას აქვეყნებს.

განცხადების მიხედვით, საქმეები, რომლებიც აქციის მონაწილეების მხრიდან სახის დაფარვასთანაა დაკავშირებული, განიხილება 174 პრიმა მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, რაც შეკრების მონაწილეების მიერ სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვის შემთხვევებს უკავშირდება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს “უპირობო საკანონმდებლო აკრძალვა “ სახალხო დამცველმა ჯერ კიდევ უკანასკნელ საპარლამენტო ანგარიშში გააკრიტიკა და მისი გაუქმება მოითხოვა.

“აპარატის მიერ კანონმდებლობისა და შესაბამისი დადგენილებების გაცნობის შედეგად გამოიკვეთა, რომ ამგვარი საქმეების განხილვისას თბილისის საქალაქო სასამართლოს მსჯელობა უწევს შეკრების თავისუფლების მრავალ ასპექტთან დაკავშირებით, რომელიც უფლებით დაცულ სფეროსა და მისი შეზღუდვის ფარგლებს უკავშირდება. ვინაიდან მსგავსი არაერთი საქმე, შესაძლოა, მომავალშიც გახდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს განხილვის საგანი და შესაბამისი პრაქტიკის ჩამოყალიბება ამჟამად მიღებული გადაწყვეტილებებით ხდება, სახალხო დამცველმა გადაწყვიტა, თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის სასამართლოს მეგობრის ზოგადი მოსაზრება წარედგინა. სასამართლოს მეგობრის ზოგადი მოსაზრება სათანადო უფლებრივი სტანდარტის დამკვიდრების ხელშეწყობას ემსახურება და მიემართება ყველა იმ საქმეს, რომლის ფარგლებშიც სასამართლოს მსგავს ფაქტობრივ გარემოებებზე მოუწევს მსჯელობა”,- წერია გამოქვეყნებულ განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში ასევე განხილულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (𝐎𝐒𝐂𝐄/𝐎𝐃𝐈𝐇𝐑) მიერ დადგენილი სტანდარტი.

ამ სტანდარტის მიხედვით, “დაუშვებელია შეკრების მონაწილეების მიერ სახის დაფარვისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება, როცა შეკრების მონაწილეთა ქცევა არის მშვიდობიანი და საკუთარ ვინაობას არ ფარავენ, ძალადობრივი ქმედების ჩადენის თუ არსებითად საზოგადოებრივი წესრიგის ხელყოფის მიზნით.”

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა, რომლის ლეგიტიმურობას საქართველოს მოქალაქეების ნაწილი და ოპოზიცია არ აღიარებს, „შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონში შეიტანა ცვლილებები, რითაც გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა ან აქციაზე პირბადით ყოფნა პირველ ჯერზე 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით ისჯება. განმეორებითობის შემთხვევაში კი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დგება.

ავტორი: ნინა სიგუა

მასალების გადაბეჭდვის წესი