20-დღიანი პატიმრობის შემდეგ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ციხიდან პირობით გაათავისუფლეს.
ნიკოლა სარკოზი, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტს 2007-2012 წლებში იკავებდა, სექტემბერში საფრანგეთის ქვედა ინსტანციის სასამართლომ დამნაშავედ ცნო ლიბიელი დიქტატორის, მუამარ კადაფისგან არჩევნებისთვის დაფინანსების მოპოვების მცდელობაში და 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
70 წლის სარკოზი ციხეში 21 ოქტომბერს შევიდა, რითაც ევროკავშირის სახელმწიფოს პირველი ყოფილი მეთაური გახდა, რომელიც დააპატიმრეს. მისმა ადვოკატებმა სწრაფად მოითხოვეს მისი გათავისუფლება.
სარკოზი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა მის წინააღმდე გამოტანილ განაჩენი, რომელსაც უსამართლო და სკანდალური უწოდა, გაასაჩივრა.
10 ნოემბერს, სასამართლოში სარკოზის მოთხოვნის განხილვისას, პროკურორებმა მოითხოვეს მისი გათავისუფლება სააპელაციო სასამართლოში პროცესის დასრულებამდე, რომელიც მარტშია დაგეგმილი. სააპელაციო საქმე ნიშნავს, რომ სარკოზი კვლავ უდანაშაულოდ ითვლება.
სასამართლო სხდომას სარკოზი ციხიდან ვიდეოზარით ჩაერთო და პატიმრობის შესახებ ისაუბრა.
„ეს რთულია, ძალიან რთულია, რა თქმა უნდა, ნებისმიერი პატიმრისთვის. ვიტყოდი, რომ ეს დამქანცველიც კია“, – განაცხადა სარკოზიმ და მადლობა გადაუხადა ციხის თანამშრომლებს, რომლებმაც, მისი თქმით, „გამოიჩინეს განსაკუთრებული ადამიანობა და ეს კოშმარი ასატანი გახადეს“.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკოლა სარკოზის ეკრძალება საფრანგეთის დატოვება. ყოფილ პრეზიდენტს ასევე აეკრძალა ლიბიის ყოფილ ოფიციალურ პირებთან, ასევე საფრანგეთის სასამართლო ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან, მათ შორის იუსტიციის მინისტრ ჟერალდ დარმანინთან დაკავშირება.








