ახალი ამბები

ზურაბ მენთეშაშვილს ბრალი სისხლის სამართლის წესით წარედგინა, პროკურატურა აღკვეთის სახით პატიმრობას ითხოვს

3 ნოემბერი, 2025 •
ზურაბ მენთეშაშვილს ბრალი სისხლის სამართლის წესით წარედგინა, პროკურატურა აღკვეთის სახით პატიმრობას ითხოვს

რუსთაველის აქციის მონაწილეს, ზურაბ მენთეშაშვილს, რომელიც გზის ხელმეორედ გადაკეტვის საბაბით დააკავეს, ბრალდება სისხლის სამართლის წესით წარუდგინეს.

პროკურატურის განცხადებით, მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევას გულისხმობს და ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ზურაბ მენთეშაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს.

გზის ხელმეორედ გადაკეტვის საბაბით ზურაბ მენთეშაშვილი 1 ნოემბერს დააკავეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დადგენილებით, გზის ხელოვნურად გადაკეტვის გამო ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირი 31 ოქტომბერს იმყოფებოდა თბილისში, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, რა დროსაც მას სახე ჰქონდა დაფარული და ხელოვნურად კეტავდა საავტომობილო გზას მაშინ, როდესაც ხალხის მცირე რაოდენობის გამო არ არსებობდა აღნიშნულის აუცილებლობა“, – აცხადებს პროკურატურა.

„ქართული ოცნების“ ერთპარტიულმა პარლამენტმა, რომლის ლეგიტიმურობას საქართველოს მოქალაქეების ნაწილი და ოპოზიცია არ აღიარებს, „შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონში შეიტანა ცვლილებები, რითაც გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა ან აქციაზე პირბადით ყოფნა პირველ ჯერზე 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით ისჯება. განმეორებითობის შემთხვევაში კი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დგება.

მასალების გადაბეჭდვის წესი