სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს განცხადებას სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას მდგომარეობასთან დაკავშირებით.
ანასტასია ზინოვკინამ რამდენიმე დღის წინ მეგობარს დაურეკა და უთხრა, რომ ციხეში ცუდად გახდა, სათანადო დახმარება კი ვერ მიიღო.
“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველი ანასტასია ზინოვკინას საქმის შესახებ ინფორმაციას წარმოგიდგენთ.
სახალხო დამცველის რწმუნებულებმა პატიმარი დაკავებიდან – 2024 წლის დეკემბრიდან – დღემდე 6-ჯერ მოინახულეს. ბოლოს, პატიმართან გასაუბრება პარასკევს, 31 ოქტომბერს შედგა.
სახალხო დამცველის აპარატმა, მსჯავრდებულის მიერ წარმოდგენილი საჩივრების შესაბამისად, სხვადასხვა დროს მიმართა შესაბამის სახელმწიფო უწყებებს: შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურას, პენიტენციურ სამსახურს.
ამასთან, სახალხო დამცველის აპარატი პატიმრის სამედიცინო მომსახურების საკითხს სწავლობს. ამ მიზნით აპარატმა რამდენჯერმე გამოითხოვა სამედიცინო დოკუმენტაციის ასლები, რაც შესწავლილი იქნა აპარატში დასაქმებული ექიმის მიერ.
31 ოქტომბერს, პატიმართან გასაუბრების შემდეგ, იმავე დღეს, აპარატმა დამატებით გამოითხოვა კონკრეტული სამედიცინო მომსახურების ამსახველი დოკუმენტის ასლი. მოცემული დროისთვის სახალხო დამცველი აგრძელებს პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მონიტორინგს აპარატში დასაქმებული, მაღალკვალიფიციური ექიმის ჩართულობით.
უნდა აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველი მოქმედებს დაკავებულ პირთა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და რამდენადაც ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია განეკუთვნება განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური ინფორმაციას, აპარატის მიერ ინფორმაციის გასაჯაროება ხდება მხოლოდ თავისუფლებააღკვეთილი პირის თანხმობის შემთხვევაში.
აქვე საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ სახალხო დამცველის მანდატში არ შედის ბრალდებულის/მსჯავრდებულის განთავსების ადგილის განსაზღვრა, მათ შორის, სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა”, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
⭕️ რუსმა პოლიტპატიმარმა ანასტასია ზინოვკინამ, რომელიც რუსთავის #5 ციხეში იმყოფება, თავის ნაცნობთან (ალიონა ზაიცევა) დარეკა და უამბო, რომ აგდებულად მოეპყრნენ საკანში:
View this post on Instagram
“სუსტი ნერვების მქონე ადამიანებს არ გირჩევთ ამ ტექსტის კითხვას. ნასტიას ზურგის სერიოზული პრობლემები აქვს. მას რეგულარულად აძლევენ ტკივილგამაყუჩებლებს, მაგრამ არ მკურნალობენ. არ აძლევენ არც ორთოპედიულ მატრასს და არც ბალიშს. როცა სცადა მათი შეძენა ციხის შიგნით, თავდაპირველად უთხრეს, რომ შესაძლებელი იქნებოდა, შემდეგ კი განაცხადეს, რომ ვერ მიიღებდა. გუშინ ზურგის ტკივილი გაუარესდა. დილით ექიმი შევიდა, გაუკეთა ნემსი. 12:30-ზე წელის არეში ძლიერი ტკივილი დაეწყო – იმდენად, რომ ვეღარ დგებოდა. ცხრა საათის განმავლობაში ყვიროდა და მორიგეს ეძახდა. ნასტია ერთკაციან საკანშია, ამიტომ ვერავინ ეხმარება. მორიგეები ფანჯარას აღებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ვერაფრით დაეხმარებოდნენ. გუშინ იყო შხაპის დღე, მაგრამ ნასტიამ ვერ შეძლო აბანოში წასვლა. ამის ნაცვლად, მორიგეებმა ანგარიშში ჩაწერეს, თითქოს თვითონ უარი თქვა დაბანაზე. ის ასე უძრავად, ტუალეტამდე მისვლის გარეშე რვა საათი იწვა. ღამის 9 საათზე შემოვიდა მედდა, მაგრამ ადგომაში არ დაეხმარა, პამპერსი ესროლა და გავიდა. ნასტიამ სცადა წამოდგომა, რომ პამპერსი ჩაეცვა, მაგრამ დაეცა იატაკზე და ასე იწვა ღამის 12 საათამდე. შუაღამეს საკანში შევიდნენ და იატაკიდან საწოლზე გადააწვინეს. ანგარიშში კი დაწერეს, რომ „გაურკვეველი მიზეზით არ გამოცხადდა საღამოს შემოწმებაზე“. დღეს დილით, 6 საათზე, ნასტიამ მოახერხა ტუალეტამდე მისვლა და გამოყენებული პამპერსის გადაგდება. არსებული ნაჭრებით თვითონ მოიმზადა იმპროვიზირებული კორსეტი და შეძლო დარეკვა, რომ ეს ამბავი მოეყოლა. დილით, 10 საათზე ისევ იგივე ექიმი შევიდა და უთხრა, რომ საჭიროა ნევროლოგის ჩართვა. ერთადერთი, რაც შეეძლო შეეთავაზებინა, იყო უფრო ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი, რომელიც ფსიქიატრთან ინახებოდა, რისთვისაც საჭიროა თანხმობა, რომ მიეცეს. ამ დროს ზარი შეწყდა”.







