ახალი ამბები

ჩეჩინის, ზინოვკინას და გრიბულის განაჩენით “ოცნებამ” მოსკოვს შეტყობინება გაუგზავნა, ან შეასრულა მისი დავალება – NGO-ები

3 ნოემბერი, 2025 •
ჩეჩინის, ზინოვკინას და გრიბულის განაჩენით “ოცნებამ” მოსკოვს შეტყობინება გაუგზავნა, ან შეასრულა მისი დავალება – NGO-ები

სამოქალაქო ორგანიზაციების მოძრაობა “ჩემი ხმა” აფასებს საქართველოში მიმდინარე პროევროპული აქციების მონაწილე რუსეთის მოქალაქეების საქმეებს. მათი შეფასებით, ანასტასია ზინოვკინას, არტემ ბრიგულისა და ანტონ ჩეჩინისთვის გამოტანილი განაჩენები “რუსული გავლენებისა და პოლიტიზირებული მართლმსაჯულების მკაფიო გამოხატულებაა”.

ამ თემაზე დღეს, 3 ნოემბერს ბრიფინგი გამართეს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორმა ეკა გიგაურმა, ამავე ორგანიზაციის პროგრამის მენეჯერმა, სანდრო ბარამიძემ და ყოფილმა სახალხო დამცველმა, “საქართველოს ევროპული ორბიტის” დამფუძნებელმა, ნინო ლომჯარიამ. მათი განცხადებით, ზინოვკინას, გრიბულსა და ჩეჩინს, რომლებსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ნარკოტიკების “შეძენა-შენახვის” ბრალდებით 8,5- წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, “ნებისმიერი მიუკერძოებელი და ობიექტური სასამართლო” გაამართლებდა.

“ნარკოტიკების ჩადება დიდი ხნის მავნე ადმინისტრაციული პრაქტიკაა, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში ღრმად აქვს ფესვები გამჯდარი შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში. ამ პრაქტიკაზე მეტყველებს 7 საქმე, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყურადღების საგანი გახდა და რომელშიც სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სახელმწიფო ევროპული კონვენციის სხვადასხვა მუხლების დამრღვევად ცნო.

ამ მავნე პრაქტიკაზე მეტყველებს, აგრეთვე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც ქებურიას საქმეში, რომელშიც დადგენილია, რომ პირი არ შეიძლება დამნაშავედ იქნეს ცნობილი მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებისა და მათ მიერვე შედგენილი ჩხრეკის ოქმების საფუძველზე და ამისათვის აუცილებელია ნეიტრალური მტკიცებულებებისნეიტრალური მოწმეების ჩვენებებისა და ჩხრეკის ვიდეოჩანაწერის არსებობაც”, –  წერია “ჩემი ხმის” განცხადებაში.

მათი შეფასებით, მოსამართლეებმა, ჯვებე ნაჭყებიამ ( ჩეჩინის საქმე) და ნინო გალუსტაშვილმა (ზინოვკინასა და გრიბულის საქმე) უგულებელყვეს ადამიანი უფლებათა ევროპული სასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი არაერთი სტანდარტი. მათ შორის:

  • ისინი დაეყრდნნენ მხოლოდ პოლიციელებისა და თარჯიმნების ჩვენებებს, რომელთა ობიექტურობა დაცვის მხარემ ეჭვქვეშ დააყენა, რადგან ამ თარჯიმნების დამქირავებელი ბიურო შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ფინანსურად იყო დაკავშირებული და თარჯიმნებიც ახლო ურთიერთობაში იყვნენ მოწმე პოლიციელებთან. ამას გარდა, სასამართლომ უგულვებელყო ანტონ ჩეჩინის ჩვენება, რომ თარჯიმანი დაკავებიდან 15 წუთის შემდგომ მივიდა ადგილზე.
  • მათ უკრიტიკოდ მიიღეს პოლიციელთა განმარტება, რომვიდეოგადაღება შეუძლებელი იყო“. სინამდვილეში, ეს სავსებით შესაძლებელი იყო, მაგრამ პოლიციელებმა, გავრცელებული მავნე პრაქტიკის შესაბამისად,  განზრახ აარიდეს თავი ვიდეოგადაღებას.
  • თარჯიმნის ფიგურა გახდა ერთადერთი განმასხვავებელი ნიშანი ქართველ და რუს ბრალდებულთა საქმეებს შორისმაგალითად, ახობაძის საქმეში თარჯიმანი არ იყო, რუსების საქმეებში კი სწორედ მათი ჩვენება გახდა გამამტყუნებელი გადაწყვეტილების მთავარი საყრდენი.

რუსეთის მოქალაქეებიჩეჩინი, ზინოვკინა და გრიბული, ისევე, როგორც პროტესტის ათეულობით სხვა მონაწილე, გახდნენ ივანიშვილის მიერ მიტაცებული, პოლიტიზებული და მიკერძოებული მართლმსაჯულების მსხვერპლნი. მათი გამამტყუნებელი განაჩენები არღვევს როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს, ისე სამართლიანი სასამართლოსა და სამართლის წინაშე თანასწორობის პრინციპებს”, – აცხადებენ ორგანიზაციები.

მათი შეფასებით, კრემლის პოლიტიკის მოწინააღმდეგე რუსეთის მოქალაქეებისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანით “ქართულმა ოცნებამ” “პუტინის ხელისუფლებას მორიგი მაამებლური შეტყობინება გაუგზავნა, ან სულაც შეასრულა მოსკოვიდან მიღებული დავალება.

ორგანიზაციები ყურადღებას ამახვილებენ მათ მიმართ გამოჩენილ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზეც.

“გამოძიების ეტაპზეც და სასამართლოში საქმის განხილვის დროსაც ანტონ ჩეჩინმა განაცხადა, რომ დაკავების და ჩხრეკის დროს, აგრეთვე პოლიციის განყოფილებაში მიყვანის შემდეგაც, პოლიციელებმა მასზე ფიზიკურად იძალადეს.

ანტონ ჩეჩინი სერიოზულად არის დაავადებული. მას თავის ტვინში გაურკვეველი წარმოშობის სიმსივნური წარმონაქმნი აქვს და ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს. სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატური ზომები კი დღემდე არ ხორციელდება.

ანასტასია ზინოვკინამ სასამართლოში განაცხადა, რომ ჩხრეკის დროს პოლიციელი ირაკლი მუხათგვერდელი ხელებით ეხებოდა ტანზე, რაც ზინოვკინას თქმით, “ჩხრეკა არ იყოდა მუხათგვერდელი მას გაუპატიურებითაც დაემუქრა. დაკავებისას მუშტით დაემუქრნენ არტიომ გრიბულსაც.

ზინოვკინას განცხადებით, მის მიმართ ადგილი ჰქონდა არაადამიანურ მოპყრობას ციხის თანამშრომლების მხრიდანაც. ამის გამო არტიომ გრიბულმა შიმშილობა გამოაცხადა.

ყველა ამ განცხადებაზე შესაბამისი ორგანოების მხრიდან ადეკვატური რეაგირება არ ყოფილა”, – წერია “ჩემი ხმის” განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი