საქართველოს მომავლის აკადემიის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ე.წ. სტრასბურგის სასამართლო) დაარეგისტრირა მათი სარჩელი “ქართული ოცნების” რეპრესიული კანონების წინააღმდეგ. საუბარია 2024-2025 წლებში მიღებულ კანონებზე, რომლებიც მიმართულია სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, მათ შორის, ე.წ. ფარაზე.
მომავლის აკადემიის ინფორმაციით, ისინი ასაჩივრებენ ამ კანონების საფუძველზე ორგანიზაციის წინააღმდეგ დაწყებულ რეპრესიულ მოქმედებებს. მაგალითად, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ დაწყებულ მონიტორინგს.
“2024-2025 წლებში მიღებული რუსული, რეპრესიული კანონები შეუთავსებელია დემოკრატიულ პრინციპებთან, ვინაიდან მათი მიზანი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების გაჩერება და განადგურებაა. ისინი ეწინააღმდეგება კონვენციით გარანტირებულ ისეთ უფლებებს, როგორიცაა გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლება, პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვა.
საქართველოს მომავლის აკადემია აგრძელებს სამართლებრივ ბრძოლას და გამოიყენებს ყველა ხელმისაწვდომ გზას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, რათა შეეწინააღმდეგოს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციას საქართველოში”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.








