ექსპერტთა საბჭომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებული კანონმდებლობის შესახებ, რომელიც ევროპის საბჭოს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების კონფერენციის ორგანოა, გამოაქვეყნა მოსაზრება „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის“ („ივანიშვილის ფარას“ ) შესახებ.
ექსპერტთა საბჭოს შეფასებით, კანონის ამოქმედება საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებას სერიოზულ და გაუმართლებელ ზიანს მიაყენებს.
ექსპერტთა საბჭოს დასკვნით, კანონი სრულიად შეუსაბამო იქნება ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოს მიერ აღებულ ვალდებულებებთან. ამიტომ ექსპერტთა საბჭო მიზანშეწონილად მიიჩნევს კანონის გაუქმებას.
როგორც ექსპერტთა საბჭო აღნიშნავს, ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების შესაზღუდად კანონში რიგი დებულებები საკმარისად არ არის გაწერილი და არსებობს სერიოზული ეჭვები იმის შესახებ, აქვს თუ არა მათგან, სულ მცირე, ზოგიერთის მიღებას ლეგიტიმური მიზანი ევროპული სტანდარტების შესაბამისად.
ექსპერტთა საბჭოს შეფასებით, კანონში მოცემული ზომები სერიოზულ გავლენას მოახდენს გაერთიანების თავისუფლების უფლებასა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებულ სხვა რამდენიმე უფლებაზე. ისინი მიიჩნევენ, რომ კანონის მრავალი დებულება არ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნას, რომელიც გამოიყენება ამ უფლებებსა და თავისუფლებებზე რაიმე შეზღუდვის დაწესებისას.
გარდა ამისა, მოსაზრებაში აღნიშნულია, რომ კანონით გათვალისწინებული ზომები არ შეიძლება დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებლად ჩაითვალოს, იმის გათვალისწინებით, რომ:
- კანონის დებულებები ხელს უშლის არასამთავრობო ორგანიზაციებს მიიღონ უცხოური მხარდაჭერა ევროპულ სტანდარტებთან სრულად შესაბამისი მიზნების მისაღწევად,
- პერსონალური მონაცემების გამჟღავნების გადაჭარბებული ვალდებულებებია,
- დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ფარგლები შეუზღუდავია,
- საჭირო ჩანაწერების წარმოების სიმძიმე,
- დასაკისრებელი ჯარიმების გადაჭარბებული ხასიათი.
„ამ ვითარებაში, [ექსპერტთა საბჭოს] მოსაზრება ასკვნის, რომ კანონის განხორციელება სერიოზულ და გაუმართლებელ ზიანს მიაყენებს სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში, ევროპის საბჭოს ამ წევრი სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების ფართო სპექტრთან შეუთავსებელი და, შესაბამისად, სრულიად შეუსაბამო იქნება.
შესაბამისად, იგი მიიჩნევს, რომ მიზანშეწონილი იქნება კანონის გაუქმება და მისი დებულებების განხორციელების აღსასრულებლად ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმის შეწყვეტა“, – ვკითხულობთ ექსპერტთა საბჭოს მოსაზრებაში.
„ქართული ოცნების“ პარლამენტმა აპრილში მიიღო კანონი, რომელიც მმართველი პარტიის მტკიცებით, ამერიკული უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) ასლია.
კანონის აღმასრულებელი ორგანო ანტიკორუფციული ბიუროა, რომლის ხელმძღვანელიც რაჟდენ კუპრაშვილია.
„FARA-ს ასლით“ ნებისმიერი საქმიანობა შეიძლება ჩაითვალოს უცხოური ძალის ჩარევად და ასევე ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი – აგენტად.
