ახალი ამბები

ვგმობ ძირითადი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილებას – ზურაბიშვილი

28 ოქტომბერი, 2025 •
ვგმობ ძირითადი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილებას – ზურაბიშვილი

“ვგმობ “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ძირითადი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ, რაც მიზნად ისახავს საქართველოს რუსული ტიპის ავტორიტარულ რეჟიმად გადაქცევას”, – ამის შესახებ განცხადებას ავრცელებს საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

“რეჟიმი ყოველდღიურად სისტემატურად ახორციელებს ყველაფრის შეზღუდვას, რაც ხელს უშლის სრული ავტორიტარიზმის დამკვიდრებაში და გამყარებაში.

დღეს, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის წინააღმდეგ საჭიროა ერთიანი და მკაფიო ხმა ისმოდეს საქართველოდან: ეს მიუღებელია!

ოპონენტების ასეთი დევნა არა მხოლოდ ანგრევს მრავალპარტიულ დემოკრატიას, შლის საზოგადოებას და ანადგურებს სახელმწიფოს.

სოლიდარობა ყველა ოპოზიციურ ძალას, ვისაც ეზღუდება კონსტიტუციური უფლება თავისუფლად გამოხატვისა და პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობის”, – აცხადებს ზურაბიშვილი.

დღეს ცნობილი გახდა, რომ “ქართული ოცნება” საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით აპირებს აკრძალოს 3 ოპოზიციური პარტია: ენმ, “ახალი” და “ლელო”.

მასალების გადაბეჭდვის წესი