რუსეთის უმსხვილესი ნავთობკომპანია “ლუკოილი” აშშ-ის მიერ სანქციების დაწესების ფონზე საერთაშორისო აქტივების გაყიდვას გეგმავს.
ამასთან დაკავშირებით კომპანიამ 27 ოქტომბერს განცხადება გამოაქვეყნა.
განცხადების მიხედვით, პოტენციური მყიდველების წინადადებების განხილვა უკვე დაწყებულია.
“ ზოგიერთი სახელმწიფოს მიერ კომპანიისა და მისი შვილობილი კომპანიების მიმართ შემზღუდავი ზომების შემოღების გამო, ლუკოილი აცხადებს საერთაშორისო აქტივების გაყიდვის განზრახვას. პოტენციური მყიდველებისგან შეთავაზებების განხილვა დაწყებულია”, – წერია განცხადებაში.
“ლუკოილის” ერთ-ერთმ ყოფილმა დირექტორმა ანონიმურობის დაცვით politico-სთან საუბრისას განაცხადა, რომ ამ ნაბიჯმა შესაძლოა კომპანიის შემოსავლები და მოგება „დაახლოებით 30 პროცენტით“ შეამციროს. მისი თქმით, კომპანია იძულებულია გაყიდოს სამი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა და მსოფლიოში არსებული თითქმის 5000 ბენზინგასამართი სადგურიდან დაახლოებით ნახევარი.
“ლუკოილი დასრულდა”,- თქვა კომპანიის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა politico-სთან საუბრისას.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის უმსხვილეს ნავთობკომპანიებს, ”როსნეფტსა” და “ლუკოილს”, ასევე მათ შვილობილებს, სანქციები დაუწესა.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება გაზრდის ზეწოლას რუსეთის ენერგოსექტორზე და შეზღუდვას კრემლის შესაძლებლობას, დააფინანსოს საკუთარი ომის მანქანა.
“ლუკოილი” არის ერთ-ერთი უდიდესი ენერგეტიკული კომპანია, რომელიც დაკავებულია ნავთობის, ბუნებრივი აირის და ნავთობპროდუქტების ძიებით, მოპოვებით, გადამუშავებით, ტრანსპორტირებით და რეალიზაციით.
„ლუკოილი“ მსგავს ოპერაციებს ახორციელებს როგორც რუსეთში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
ავტორი: ნინა სიგუა








