მამუკა მერკვილაძე რუსეთში, შვეიცარიის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის ხელმძღვანელის პოსტიდან გაათავისუფლეს.
მის მოვალეობას დროებით ასრულებს ყოფილი ჟურნალისტი სოფო მოსიძე, რომელიც მანამდე საქართველოს საელჩოში ბელარუსში უფროსი მრჩევლის პოსტს იკავებდა.
საკადრო ცვლილების შესახებ ინფორმაცია „ტვ პირველმა“ გაავრცელა. ეს ინფორმაცია ტელეკომპანიას რუსეთში, შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციაში დაუდასტურეს, თუმცა საგარეო საქმეთა სამინისტრო კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს.
შვეიცარიის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის ხელმძღვანელად მამუკა მერკვილაძე 2024 წლის მარტში დაინიშნა. „ტვ პირველის“ ინფორმაციით, მამუკა მერკვილაძე სუს-ის ყოფილი უფროს გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირია და დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის გამოწვევის შესახებ ნოტა მაკა ბოჭორიშვილმა 2025 წლის 25 სექტემბერს გააგზავნა.
დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის დამყარდა 1992 წლის 1 ივლისს.
საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის სექტემბერში, რუსეთის სამხედრო აგრესიისა და მოსკოვის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შემდეგ გაწყვიტა.
2009 წლის მარტში გაიხსნა საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექცია, და რუსეთის ფედერაციაში — შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია. ეს სექცია უზრუნველყოფს საკონსულო მომსახურებასაც.
რუსეთში საქართველოს ინტერესების სექციას მამუკა მერკვილაძე უხელმძღვანელებს








