ახალი ამბები

გასაკვირი არაა, რომ ევრონესტზე არ გამოცხადდით, რადგან თქვენი ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშაა- ბრეიზა „ოცნებას“

27 ოქტომბერი, 2025 •
გასაკვირი არაა, რომ ევრონესტზე არ გამოცხადდით, რადგან თქვენი ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშაა- ბრეიზა „ოცნებას“

პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზაგამოეხმაურა  „ქართული ოცნების“ მიერ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში არმონაწილეობას.

მისი თქმით, გასაკვირი არ არის, რომ „ქართული ოცნება“ ევრონესტის საპარლამენტოს ასამბლეაში არ მონაწილეობს, ვინაიდან მათი ლეგიტიმაცია ევროპაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

„ქართული ოცნების“ დელეგაცია ერევანში ევრონესტზე არ გამოცხადდა. გასაკვირი არ არის – როდესაც თქვენი 2024 წლის „არჩევნები“ გაყალბებულია და თქვენი ლეგიტიმურობა მთელ ევროპაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ცარიელი სკამები უფრო ადვილი გზაა“, – წერს X-ზე კშიშტოფ ბრეიზა.

კშიშტოფ ბრეიზა პასუხობს „ქართული ოცნების“ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, ლევან მახაშვილს, რომელმაც ევრონესტს კრიტიკული წერილი გაუგზავნა.

კშიშტოფ ბრეიზას განცხადებით, „ქართულ ოცნება“ „მტრულად განწყობილებს“ ეძახის ევროპარლამენტარების იმის გამო, რომ ქართველი ხალხის გვერდით დგანან.

„სინამდვილეში, სწორედ მათივე მტრობაა დემოკრატიისა და ევროპის მიმართ, რაც მათ იზოლაციაში აყენებს.

მე ერევანში ვარ, რათა წარმოვადგინო ის ღირებულებები, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეებს დღემდე სწამთ – თავისუფლება, სიმართლე და ევროპული მომავალი”, – წერს X-ზე კშიშტოფ ბრეიზა.

„ქართული ოცნების“ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილმა 27 ოქტომბერს განაცხადა, რომ თავს შეიკავებენ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-12 პლენარულ სესიაში მონაწილეობისგან, რომელიც ერევანში იმართება. ამის შესახებ მახაშვილმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას წერილით მიმართა.

წერილში მახაშვილი წერს, რომ „ქართული ოცნება“ შეშფოთებულია ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში ჩართული ზოგიერთი ევროპარლამენტარისა და მთლიანად ევროპარლამენტის ქმედებით.

“სულ უფრო მეტად ვართ შეშფოთებულები ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში ჩართული ზოგიერთი ევროპარლამენტარის, ისევე, როგორც მთლიანად ევროპარლამენტის ქმედებით, რომელთა მტრული რიტორიკა და ნაბიჯები ეწინააღმდეგება პარტნიორობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებს”,- წერს ლევან მახარაშვილი წერილში.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის საპარლამენტო განზომილებაა, რომელიც ევროპარლამენტის 60 წევრის და აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებისგან შედგება.

პლენარული სესია იმართება ყოველწლიურად მონაცვლეობით ბრიუსელსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან ერთ-ერთ დედაქალაქში.

ავტორი: ნინა სიგუა

მასალების გადაბეჭდვის წესი