ახალი ამბები

„იმედის“ გათიშვასთან დაკავშირებით სუს-მა გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო

13 ოქტომბერი, 2025 •
„იმედის“ გათიშვასთან დაკავშირებით სუს-მა გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო

იმედის“ გათიშვასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო.

„ტელეკომპანია „იმედის“ მომართვის საფუძველზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო. არხის მაუწყებლობა 17 საათსა და 48 წუთზე გაითიშა და დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში არხი ეთერში ვერ გავიდა. „ტელეიმედთან“ ერთად მაუწყებლობა შეწყდა ჰოლდინგში შემავალი კიდევ ორი კომპანიის – „მაესტროსა“ და „ჯიდიესის“ შემთხვევაშიც. მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

„იმედი“ აცხადებს, რომ 13 ოქტომბერს მისი მაუწყებლობა ამ ეტაპზე დაუდგენელი მიზეზით, მოულოდნელად, დაახლოებით 45 წუთით გაითიშა.

„ტელეკომპანია არ გამორიცხავს, რომ ადგილი ჰქონდეს არხის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებრივ აქტს. შესაბამისად, უკვე მივმართეთ სამართალდამცავ ორგანოებსაც. ვადგენთ ხარვეზის მიზეზებს”, – ნათქვამია „იმედის“ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი