კონსტანტინე მიქაიას, რომელიც უწყვეტი პროევროპული პროტესტის აქტიური მონაწილეა, 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა განუსაზღვრეს. გადაწყვეტილება მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ გუშინ, 17 სექტემბერს მიიღო.

როგორც მიქაიას ინტერესების დამცველი ადვოკატი, ილონა დიასამიძე “ნეტგაზეთთან” განმარტავს, სასამართლომ განიხილა, ჯამში, 11 სავარაუდო სამართალდარღვევის საქმე – ყველა გზის გადაკეტვის შესახებ.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, შეკრებისა და მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევა განმეორებით იწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 5000-დან 10 000 ლარამდე ოდენობით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 25 დღემდე ვადით.

მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ კონსტანტინე მიქაია 11-ვე შემთხვევაში სამართალდამრღვევად ცნო და 10-დღიანი პატიმრობა განუსაზღვრა.