ახალგორელი აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი უკვე რვა წელია ფორმალურად ბრალდებების გარეშე ცხოვრობს, თუმცა პრაქტიკულად კვლავ შეზღუდული აქვს გადაადგილების უფლება და პირადობის დოკუმენტის გარეშეა. ის ცხინვალში მცირე მაღაზიას ამუშავებს და ამ პირობებში აგრძელებს საჯარო აქტივობას – პრობლემებზე საუბარსა და ადგილობრივი ხელისუფლების კრიტიკას.

ახალგორელი აქტივისტი 2017 წლის 16 აგვისტოს ე.წ. სამხრეთ ოსეთის მილიციამ საცხოვრებელ სახლთან ყოველგვარი ახსნა-განმარტების და შესაბამისი ორდერის გარეშე დააკავა. მოგვიანებით მას ბრალი წარედგინა პარტია „ერთიანი ოსეთის“ ცილისწამების, სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის უკანონო მოპოვებისა და ყალბი დოკუმენტების გამოყენებისთვის. ბრალდებები მას 2023 წელს მოუხსნეს მტკიცებულებების არარსებობის გამო.


არაოფიციალური „შიდაპატიმრობა“ – ცხოვრება ცხინვალში

8 წელი შესრულდა, რაც ჩემ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა და თითქმის 3 წელი – რაც ბრალდებები მოხსნილი მაქვს. წესით, ყველაფერი უნდა დასრულებულიყო, მაგრამ რეალურად ისევ „შიდაპატიმრობაში“ ვრჩები.

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ გამაჩნია. პროკურატურამ დამიბრუნა პასპორტი, მაგრამ ვადაგასული. განახლებაზე შევიტანე, მაგრამ ორი წელია არ მაძლევენ ახალს, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი კანონმდებლობით 10 დღეში უნდა გაეცათ. შინაგან საქმეთა სამინისტრო [დე ფაქტო – რედ.] აშკარად არღვევს კანონს – თავადაც აღიარებენ საპასპორტოში: „სხვა ადგილას წყდება შენი საკითხი“, უშიშროების სამსახურზე მიანიშნეს პირდაპირ – „როცა საჭიროდ ჩავთვლით, მაშინ დავიკავშირდებითო“.

უპასპორტოდ ცხოვრება

უპასპორტობა ხელს მიშლის ყველაფერში. რვა წელია ხარისხიან მედიცინაზე წვდომა არ მაქვს. ზუსტად ერთი წლის წინ ახალგორში, სახლში გონება დავკარგე, სხეულის მარცხენა მხარე გამეთიშა, ვერ ვლაპარაკობდი. სასწრაფომ საკაცით გადამიყვანა –  ნერვული შეტევა იყო. თითქმის ერთი თვე ცხინვლში, ნევროლოგიურ განყოფილებაში გავდიოდი მკურნალობას, შემდეგ ოპერაცია დამჭირდა. რომ შემძლებოდა, თბილისში გავივლიდი მკურნალობას. იმ შემთხვევის შემდეგ მხედველობა დამიქვეითდა, ინსულინრეზისტენტობაც დამიდგინდა. ახლა ჯანმრთელობა ჩემთვის ყველაზე ძვირფასი და ერთდროულად ხელმიუწვდომელია.

ერთადერთი შვილი წლებია არ მინახავს. ვერ ვიღებ ტელეფონის ნომერს, ვერ გადავდივარ ახლომახლო სოფლებში – ყველგან საბუთს ითხოვენ. ვერ ვხსნი ინდმეწარმეობას, ვერ ვიწყებ ბიზნესს.

„მეორადების“ პატარა მაღაზია 

ცხინვალში, 15 კვ.მ-ის ფართობში მეორადი ტანსაცმლის მაღაზია გავხსენი. ფორმალურად მეგობრის სახელზეა რეგისტრირებული, მე მხოლოდ ვყიდი. ბევრი სირთულეა – სასამართლო პროცესები მქონდა, რადგან გახსნიდან მალევე, დეკემბერში დახურეს მაღაზია და ზამთრის კოლექციის გახსნა მხოლოდ ივნისში მომიწია. მაგრამ ეს დაბრკოლებებიც  გამოცდილებაა.

ეს პატარა მაღაზია ქალაქის ყველა ფენის ადამიანებს აერთიანებს- თანამდებობის პირებს, პენსიონერებს. ევროპული ტანსაცმელი სანქციების გამო აღარ შედის რუსეთში და, შესაბამისად, ცხინვალშიც. აქ ძირითადად თურქული და ჩინური შემოაქვთ და ისიც ძვირად, ამიტომ ჩემთან ყველას მოსწონს მოსვლა. ახალ კოლექციას რომ ვამატებ, ორი კვირა ისეა გადატვირთული მაღაზია, რომ ჭამის დროც არ მაქვს.

კლიენტები მხარში მიდგანან – საკვებს, სასმელს, მურაბას და საწებელსაც კი მაწვდიან. დაბადების დღეზე იმდენი ყვავილი გამომიგზავნეს, გამიკვირდა, რომ ასეთი ადგილი მიკავია მათ ცხოვრებაში.

ტანსაცმელი იმ ათდღიან პერიოდში შემომაქვს, როცა გზა ქართულ მხარესთან იხსნება. გადმოტანაში კი პენსიონერი მშობლები მეხმარებიან. თბილისში, საწყობებში, ინტერნეტით ვარჩევ ტანსაცმელს – საწყობის თანამშრომლები ჩემთვის გამონაკლისსაც უშვებენ, დიდხანს ასაწყობებენ. მირჩევენ, რა ვიყიდო და არა არა, რომ მოგება მეტი დამრჩეს. ჩემი შვილი რომ თბილისში იყო, თავად დადიოდა და არჩევდა. ახლა მთლიანად საწყობების თანამშრომლების კეთილსინდისიერებაზე ვარ დამოკიდებული.

„საცხოვრებლად ამ პატარა ქალაქს ავირჩევდი“

ახალგორშიც მქონდა მეორადების მაღაზია, მაგრამ ადგილობრივმა პროკურატურამ ყველაფერი გააკეთა, რომ ფართი არ მოექირავებინა არავის. ტანსაცმელი სახლში მქონდა, ამის გამო სახლსაც ვერ ვალაგებდი. ამიტომ ცხინვალში გახსნა გადავწყვიტე. პირველ ორ თვეს სულ ვტიროდი, წასვლა მინდოდა. ახლა შევეჩვიე.

ზოგადად, ცხოვრებაში არასდროს მიფიქრია ემიგრაციაზე – იმდენად მეშინოდა სხვაგან ცხოვრებისა, რომ 20 ლარად სისხლსაც ვაბარებდი, შვილი ექიმთან რომ მიმეყვანა. ახლა კი, რომ მქონდეს არჩევანი, თბილისსა და ცხინვალს შორის საცხოვრებლად ალბათ ისევ ამ პატარა ქალაქს ავირჩევდი, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს და ეხმარება.

მთელი ქალაქი ჩემ გვერდით დგას – ფასდაკლებებს მიკეთებენ, სარეკლამო ეკრანზე გადის ჩემი მაღაზიის რეკლამა, კონცერტებზე, თეატრებში, დღესასწაულებზე მეპატიჟებიან.

ოჯახი 

მშობლებს ახალგორში ძალიან უჭირთ ჩემ გარეშე. ტრანსპორტის გამო ხშირად ვერ ჩავდივარ, ან როცა ჩავდივარ, ერთ კვირას მაინც ვრჩები, ამიტომ ბოლო დროს სულ ვეღარ მივდივარ. მშობლებს ეშინიათ, როგორ ვარ, რამე ხომ არ მიჭირს. ამიტომ ხალისიან ფოტოებს და ვიდეოებს ვტვირთავ ფეისბუკზე მათი განწყობისთვისაც.

ჩემი შვილი ახლა ემიგრაციაშია და ხუმრობით მეუბნება: „ადრე დედები იყვნენ ემიგრაციაში, ახლა მე ვუყურებ დედას ემიგრაციიდანო“.

აქტივიზმი 

აქტივიზმს არ ვწყვეტ. ვაგრძელებ ურთიერთობას ჟურნალისტებთან, ვინც ჩვენს რაიონზე წერს. აქტიურად ვწერ ფეისბუკზე, ვასაჯაროებ პრობლემებს. ჩემი პოსტების შემდეგ რამდენიმე უწყებაში შემოწმებები ჩატარდა – უნდოდათ, ჩემი ინფორმაცია გაექარწყლებინათ, მაგრამ ვერ მოახერხეს.

ზაფხულში საქმე აღიძრა თაღლითობისა და კორუფციის ბრალდებით განათლების განყოფილებაში. ეთერში ვისაუბრე სასმელი წყლის პრობლემაზე – პრეზიდენტის ადმინისტრაციიდანაც კი რეკავდნენ დეტალების გასაგებად, საბოლოოდ სიტუაცია გამოსწორდა. ასევე გავასაჯაროე ბავშვთა სახლში დირექტორის მიერ კანონდარღვევა – მეორე დღესვე პროკურატურა მივიდა.

მიუხედავად იმისა, რომ ახალგორში აღარ ვცხოვრობ, ადგილობრივები მუდმივად მაწვდიან ინფორმაციას.