დღეს, 15 სექტემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მომავალ მარშს რამდენიმე პირი აედევნა.

როგორც მარშის მონაწილეები ამბობენ, ერთ-ერთ მათგანს იარაღი ჰქონდა.

მარშის მონაწილეების თქმით, უცნობი მათ ჯერ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, ბესიკის ქუჩასთან კი სიტუაცია დაიძაბა, რა დროსაც, მათი თქმით, ერთ-ერთმა უცნობმა პირმა მარშის მონაწილეებს იარაღა დაუმიზნა.

„რუსთაველის მეტროდან [მარშს] მოგვყვებოდა დაახლოებით 5-6 ბიჭი და ცდილობდნენ პროვოკაციებს. მთელი გზა არ ვაქცევდით ყურადღებას და უკვე აქ რომ მოვედით [ბესიკის ქუჩასთან], დაიძაბა ვითარება“, – ამბობს მარშის ერთ-ერთი მონაწილე.

როგორც გავრცელებულ კადრებში ჩანს, რამდენიმე პირი პოლიციამ გაიყვანა, თუმცა უცნობია, დაკავებულები არიან თუ არა ისინი. დეტალების გარკვევას ნეტგაზეთი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ცდილობს.

ამასთან, პოლიციას ბესიკის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კაფეში ჰყავდა აქტივისტი ლევან ჯობავა, რომელიც ერთ-ერთია, რომელსაც იარაღი დაუმიზნეს.

ლევან ჯობავას თქმით, ერთ-ერთმა პირმა იარაღი მის დასანახად ამოიღო და აქტივისტებმა წაართვეს, პოლიციამ მას უთხრა, რომ იარაღი ცეცხლსასროლი არ იყო.

ამასთან, ჯობავამ, რომელთანაც თავდაპირველად ადვოკატს არ უშვებდნენ, პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე უარი განაცხადა და სასამართლოში დაკითხვა მოითხოვა.

მისი თქმით, იმის გამო, რომ პოლიციას დაკითხვაზე უარი უთხრა, განუცხადეს, რომ დაკავებული პირის გაშვება მოუწევდათ.

„ვიღაც ტიპები იყვნენ, რომლებიც გვაგინებდნენ. რომ ამოვყევით, ერთ-ერთი შევარდა აქ [ბესიკის ქუჩაზე კაფეში] და ვის აგინებო, რომ ვკითხეთ, ეგრევე კედელთან დადგა და დააძრო იარაღი. წავართვით ეს იარაღი, გამოვიყვანეთ და მივეცით იარაღი პოლიციას, ეს ტიპიც ჩავაბარეთ და მერე საათზე მეტი გარეთ არ მიშვებდნენ და ადვოკატსაც არ უშვებდნენ კარგა ხანი.

მერე მითხრეს წამოდი, დაკითხვაზე უნდა გადაგიყვანოთო. ადვოკატთან კონსულტაციის შემდეგ ვუთხარით, რომ მოსამართლის გარეშე არ გამოვიკითხებოდი. როგორც გვითხრეს, დაგვიკავშირდებიან…

არ ვიცნობ არავის, მარშს რომ ვუერთდებოდი, მაშინ გამოჩნდნენ. პოლიციამ თქვა, ეს იარაღი ცეცხლსასროლი არ იყოო. [მეუბნებოდნენ] რა იყო, რა მოგივიდაო, ცეცხლსასროლი კი არ არისო. იარაღს რომ ვხედავ, მე ვერ ვცნობ, ცეცხლსასროლი არის თუ არა.

ასე თქვეს, ეს ადამიანი დაკავებული გვყავსო და თუ ახლა არ წამოხვალ დაკითხვაზე, მოგვიწევს გავუშვათო. [ვუთხარი] მოსამართლის გარეშე არ გამოვიკითხები-მეთქი. [თუ არ წამოგვყვები] დღეს ვუშვებთ ამ ადამიანსო და მერე უკვე განჩინება დამჭირდება კადრების ამოღებაზეც და იმის დასაკითხადაცო“, – განაცხადა ლევან ჯობავამ.