საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს 8 აგვისტოს ვაშინგტონში სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმებაზე და მას “ისტორიულს” უწოდებს.
“ეს ისტორიული შეთანხმება წარმოადგენს სამხრეთ კავკასიის რეგიონის მდგრადი მშვიდობის დამყარებისკენ გადადგმულ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს და გზას უხსნის რეგიონის გრძელვადიანი და სტაბილური განვითარების ახალ შესაძლებლობებს.
საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს რეგიონში მშვიდობის განმტკიცებას და თანამშრომლობის გაძლიერებას, რაც მიმართული იქნება სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილურობისა და კეთილდღეობისკენ.
განსაკუთრებით მივესალმებით სამხრეთ კავკასიაში ათწლეულების განმავლობაში გაჭიანურებული კონფლიქტის დასრულების პროცესში ამერიკის შეერთებული შტატებისა და პირადად პრეზიდენტ, დონალდ ტრამპის გამორჩეულ წვლილს და ძალისხმევას.
იმედს გამოვთქვამთ, რომ ამ ისტორიულ მოვლენას ჯაჭვური რეაქციის ეფექტი ექნება შავი ზღვის რეგიონსა და მთლიანად მსოფლიოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების თვალსაზრისით”, – ნათქვამია საგარეო უწყების 9 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში.
8 აგვისტოს, ვაშინგტონში, თეთრ სახლში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მედიაციითა და მონაწილეობით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა სამშვიდობო დეკლარაცია მიიღეს, რომელმაც უნდა დაასრულოს მრავალწლიანი კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. გარდა ამისა, შეთანხმების შესაბამისად, აშშ მიიღებს ექსკლუზიურ უფლებას 99 წლით სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიული სატრანზიტო დერეფნის განვითარებისათვის.
