სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 7-8 აგვისტოს ეწვევა შეერთებულ შტატებს, წერს “არმენპრესი” სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
“ვაშინგტონში გაიმართება ორმხრივი შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის, რომლის მიზანია სომხეთსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება.
ასევე გაიმართება სამმხრივი შეხვედრა ნიკოლ ფაშინიანს, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონში მშვიდობის, კეთილდღეობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობას”, – ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.
თეთრ სახლში ალიევისა და ფაშინიანის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია აქამდე ვაშინგტოში მცხოვრებმა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა გაავრცელა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, რასაც ოფიციალური დადასტურება აქამდე არ ჰქონია.
გარდა ამისა, აშშ-ის ადმინისტრაციამ უკვე შესთავაზა ბაქოსა და ერევანს დახმარება მოლაპარაკებებში სატრანსპორტო საკითხებთან დაკავშირებით – დაახლოებით სამი კვირის წინ აშშ-ის ელჩმა თურქეთში, ტომ ბარაკმა, განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შესთავაზა, ზანგეზურის დერეფანი 100 წლით იჯარით გადააბარონ.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ აშშ-ის გააქტიურება სომხეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობების დარეგულირებისა და მათ შორის სამშვიდობო შეთანხმების საბოლოო გაფორმების საკითხებში იმედის მომცემია.
ტრამპი თეთრ სახლში ფაშინიანსა და ალიევს უმასპინძლებს – ალექს რაუფოღლუ
