პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, რუსუდან თევზაძის განცხადებით, მზია ამაღლობელის მიმართ ზეწოლის და ღირსების შემლახველი სხვადასხვა საბჭოთა მეთოდი გამოიყენეს, მაგრამა მაინც ვერ გატეხეს.

მისი თქმით, რეჟიმი ასეთივე საბჭოთა მეთოდებით ებრძვის სამოქალაქო აქტივისტსა და თავისუფალ მასწავლებელს, ნინო დათაშვილს.

„არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე და რუსული ინტერესების გამტარებელმა ე.წ. ხელისუფლებამ ყველა წითელი ხაზი დიდი ხანია გადაკვეთა. დღეს მზია ამაღლობელის დასკვნითი პროცესი კვლავ გადაიდო. რეჟიმის დავალებით უსამართლო სასამართლო ბოლომდე ცდილობს მზიას სახით ქვეყანაში მოკლას თავისუფალი სიტყვა და კრიტიკული მედია, მაგრამ ამას ვერ მიაღწევს! მზია ამაღლობელის მიმართ რეჟიმის დავალების შემსრულებლებმა გამოიყენეს ზეწოლის და ღირსების შემლახველი სხვადასხვა საბჭოთა მეთოდი, მაგრამ მზია მაინც ვერ გატეხეს.

რეჟიმი ასეთივე საბჭოთა მეთოდებით ებრძვის სამოქალაქო აქტივისტსა და თავისუფალ მასწავლებელს, ნინო დათაშვილს, რომელიც უსამართლოდ ციხეში გამოკეტა. მეტიც, ნების საწინააღმდეგოდ გუშინ ფსიქიატრიულში გადაიყვანა. ამით ე.წ. ხელისუფლება აფრთხილებს და პრაქტიკულად უკრძალავს 60 000 მასწავლებელ  თავისუფალი სამოქალაქო პოზიციის გამოხატვას. ძვირფასო მასწავლებლებო, არ შეშინდეთ, დაიცავით თქვენი პროფესია და ღირსება. თქვენ ყველაზე ძლიერი და ნათელი ძალა ხართ. მასწავლებელთა საზოგადოებას აქვს დიდი გავლენა დღევანდელი უსამართლობის შესაცვლელად და მომავალი თაობის სასარგებლოდ. ჩვენი სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა მზიას! სოლიდარობა ნინოს! სოლიდარობა ყველა პოლიტპატიმარს!“ – აცხადებს რუსუდან თევზაძე.

  • რა ხდება

„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ღამით ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს მოჰყვა.

14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო.

მზია ამაღლობელის პატიმრობის საფუძველი გაყალბებული ოქმი გახდა – ადმინისტრაციული დაკავების ოქმის მიხედვით, მზია ამაღლობელი პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს [ასკ-ის 173-ე მუხლი], დაკავების დროს გადაღებულ ვიდეო კადრში კი ისმის ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა, რომ მზია ამაღლობელს სტიკერის გაკვრისთვის აკავებენ ასკ-ის 150-ე მუხლით. ამ მუხლით პირის დაკავების უფლება პოლიციას საერთოდ არ აქვს.

სწორედ გაყალბებული ოქმის საფუძველზე მოითხოვა პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ მზია ამაღლობელის პატიმრობა სისხლის სამართლის საქმეზე. მოსამართლე ნინო სახელაშვილი ამ გაყალბებულ ოქმს დაეყრდნო.

13 თებერვალს მზია ამაღლობელის ადვოკატებმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს და მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმება მოითხოვეს. თუმცა, 14 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო შუამდგომლობა მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე.

19 თებერვალს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ვერა დოლიძემ ასევე უარი თქვა მზია ამაღლობელის სარჩელის განხილვაზე და ის დაუშვებლად მიიჩნია.

ნინო დათაშვილი არის პედაგოგი, რომელიც 20 ივნისს, იმავე მუხლით დააკავეს, რა მუხლითაც 6 თვით ადრე მზია ამაღლობელი. პროკურატურა მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საჯარო მოხელეზე თავდასხმას ედავება: ამაღლობელს პოლიციელზე, ხოლო დათაშვილს – თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურზე. ორივე მათგანის შემთხვევაში პროკურატურა თავდასხმად აფასებს სილის გარტყმას მას შემდეგ, რაც აწ უკვე ბრალდებულ ქალებს კაცები შეურახმყოფელად და ღირსების შემლახველად მოექცნენ.

გუშინ, 2 აგვისტოს, ცნობილი გახდა, რომ დათაშვილს ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ჩაუტარებენ. თუ ნინო დათაშვილი უარს განაცხადებს ამ შემოწმებაზე სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, მას ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით გადაიყვანენ. შემოწმების მიზნით დათაშვილმა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში 20 დღე უნდა გაატაროს.