პროევროპულ აქციებზე დაკავებული 11-პირიანი საქმის უკრაინელი ბრალდებულები, სერგეი კუხარჩუკი და რუსლან სივაკოვი ითხოვენ, მედიას სხდომების გადაღების შესაძლებლობა დაუბრუნდეს. მათი განცხადებით, ეს არის ერთადერთი საშუალება, რომ ოჯახებმა საქმეს თვალი მიადევნონ.
“მე, სერგეი კუხარჩუკი, უკრაინის მოქალაქე, მივმართავ სასამართლოს დარბაზიდან იუსტიციის საბჭოს, რომ დაუშვან კამერები და ფოტორეპორტიორები, რათა მათ გადმოსცენ, რაც აქ ხდება: სად იმყოფეებიან უკრაინის მოქალაქეები, მე და რუსლან სივაკოვი.
ეს არის ერთადერთი საშუალება, რომ ჩვენმა ოჯახის წევრებმა, რომლებიც უკრაინაში იმყოფებიან და არ შეუძლიათ თბილისში ჩამოსვლა, შეძლონ ჩვენი პროცესების ნახვა და საქმის კურსში იყვნენ. იმედი მაქვს, რომ შესაბამისი ორგანოები გაითვალისწინებენ ჩვენს თხოვნას და უმოკლეს ხანში დააკმაყოფილებენ. გთხოვთ, განცხადების ასლი გადასცეთ სახალხო დამცველსა და უკრაინის საელჩოს”, – განაცხადა კუხარჩუკმა.
იგივე თხოვნა გაახმიანა რუსლან სივაკოვმაც.
“მეც იმავე შინაარსის თხოვნა მაქვს. გთხოვთ, პატივცემულო მოსამართლევ, დაუშვათ ტელევიზია. დედაჩემი არის დანგრეულ ქალაქ ვოლჩანსკთან უკრაინაში. იქ არ არის ტელევიზია, არ არის კავშირი. მხოლოდ 30 წუთით ჩართავენ ხოლმე ინტერნეტს. ასე შეუძლია დედაჩემს, რომ მნახოს, ინტერნეტის საშუალებით თვალი მიადევნოს სასამართლოს ჩანაწერებს და დაინახოს თავისი შვილი. დიდი მადლობა. საქართველო, მიყვარხარ!”, – განაცხადა სივაკოვმა.
კუხარჩუკი და სივაკოვი ამავე საქმეზე ბრალდებულ სხვა 9 ადამიანთან ერთად (გიორგი ტერიშვილი, ჯანო არჩაია, ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ირაკლი ქერაშვილი, გურამ მირცხულავა, რევაზ კიკნაძე, ლუკა ჯაბუა, ვალერი თეთრაშვილი) 2024 წლის დეკემბრის დასაწყისში დააკავეს. სხვების მსგავსად, მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობრივ ქმედებებში მონაწილებას გულისხმობს.
კუხარჩუკი და სივაკოვი ამბობენ, რომ საერთოდ არ მონაწილეობდნენ საპროტესტო აქციებში და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შემთხვევით, სამსახურიდან სახლისკენ მიმავალ გზაზე მოხვდნენ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
კუხარჩუკი და სივაკოვი სხდომებზე თითქმის არასდროს საუბრობენ – არც კითხვებს სვამენ, არც განცხადებებს აკეთებენ. ჩვეულებრივ, მათ გვერდით თარჯიმანი ზის, რომელიც პეიროდულად უთარგმის სხდომის მიმდინარეობას. 17 ივლისის სხდომაზე მათ განაცხადეს, რომ თარჯიმანი დავით გულიაშვილი მათ სრულყოფილად არ უთარგმნიდა სხდომის მიმდინარეობას. გარდა ამისა, ადვოკატმა ბექა ხოხობაშვილმა განაცხადა, რომ თარჯიმანი ბრალდებულებს მოიხსენიებს უზრდელად, არ უთარგმნის ყველაფერს, ეკამათება ხოლმე და ვერ ამყარებს ბრალდებულებთან სრულფასოვან კომუნიკაციას.
ამას დარბაზში კამათი მოჰყვა. პროკურორებმა მოთხოვნა დაუსაბუთებლად მიიჩნიეს და განაცხადეს, რომ „ამ ადვოკატების მოსაწონი თარჯიმანი ამ დარბაზში არ მოვა“. ადვოკატებმა შეახსენეს, რომ სხვა თარჯიმნებთან პრობლემა არ ჰქონიათ და ბრალდებულებმა პრეტენზია მხოლოდ დღეს დააფიქსირეს, რაც გასათვალისწინებელია. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ადვოკატებს უთხრა, რომ თარჯიმნის მუშაობის ხარისხი მათ უნდა აკონტროლონ. ადვოკატებმა უპასუხეს, რომ ეს ფიზიკურად შეუძლებელია.
თარჯიმანი დავით გულიაშვილი მთელი ამ კამათის განმავლობაში ბრალდებულებისკენ ზურგით იჯდა და არც ამ განხილვას თარგმნიდა. საბოლოოდ თვითაცილება მოითხოვა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. სხვა თარჯიმნის მოსვლამდე სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. სხდომაზე კამერების დაშვების შესახებ ბრალდებულების განცხადებები ახალმა თარჯიმანმა თარგმნა.
26 ივნისს “ქართული ოცნების” ერთპარტიულმა პარლამენტმა დაამტკიცა სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები. ერთ-ერთი ცვლილება მედიას ეხება. კერძოდ, კანონში შესული ცვლილებების თანახმად, „ქართული ოცნება“ სასამართლო სხდომების გადაღებას, ფაქტობრივად, კრძალავს.
ახლა არა მხოლოდ სასამართლო სხდომის დარბაზში, არამედ მთლიანად სასამართლოს შენობაში და მის ეზოშიც ფოტო-ვიდეოგადაღება იკრძალება. გამონაკლისები იქნებიან სასამართლოს თანამშრომლები ან სასამართლოს უფლებამოსილი პირები – მათთვის გადაღება დაშვებული იქნება.
რაც შეეხება სასამართლო სხდომის ვიდეო და აუდიოჩაწერას, ეს დაიშვება მხოლოდ დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული მოტივირებული გადაწყვეტილებით.
სწორედ ამიტომ, ჟურნალისტები სხდომის მიმდინაროებისას კომპილტერებში, ან მობილურებში, ტექსტის სახით ინიშნავენ მნიშვნელოვან საკითხებს და ასე აშუქებენ პრიცესს. მაგალითად, 17 ივლისის სხდომის მიმდინარეობას შეგიძლიათ თვალი ადევნოთ “ნეტგაზეთის” ლაივბლოგზე:
