გარდაიცვალა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, ზურაბ და გია ჯაფარიძეების დედა. ბოლო პერიოდში ის მძიმედ ავადმყოფობდა.

ზურაბ ჯაფარიძე, რომელსაც სამი კვირის წინ, 23 ივლისს, 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს, ციხიდან გამოგზავნილ ერთ-ერთ ბოლო წერილში დედაზე წერდა.

“… დედაჩემზე გადავერთე, მასზე შიში ახლა ყველა სხვა შიშს მიფარავს”, – ასე ასრულებს ჯაფარიძე ციხიდან გამოგზავნილ წერილს, სადაც ოჯახის წევრებზე წერს.

ზურაბ ჯაფარიძე ბოლო თვეების განმავლობაში, პოლიტიკური ნიშით დაკავებული მეოთხე ადამიანია, რომელიც მშობელი პატიმრობისას გარდაეცვალა. 26 ივნისს გარდაიცვალა ონისე ცხადაძის მამა. წლის დასაწყისში, 4 იანვარს ჯერ გურამ მირცხულავას მამა გარდაიცვალა, 10 დღის შემდეგ, 14 იანვარს კი გიორგი ახობაძის დედა.

ამ უკანასკნელს პროკურატურა ნარკოდანაშაულს ედავება და 8-დან 20 წლამდე პატიმრობით ემუქრება. მირცხულავა და ცხადაძე ერთი საქმის ფარგლებში არიან დაკავებულები – სახელმწიფო ბრალდება მათ ორგანიზებულ ჯგუფურ მოქმედებებში მონაწილეობას ედავება. რაც შეეხება ზურაბ ჯაფარიძეს, მას უკვე მისჯილი აქვს 7 თვე “ქართული ოცნების” ერთპარტიულ პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საფუძვლით.