სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის (59%) აზრით, დიდი ან სერიოზული საფრთხე არსებობს, საქართველოს შეუჩერდეს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა.

„ქართული ოცნების“ ამომრჩეველთა ჯგუფში ამ საფრთხეს ხედავს მესამედი, ხოლო უმრავლესობა (53%) ფიქრობს, რომ ამის მცირე ან არავითარი საფრთხე არ არსებობს.

 

ფოტო: ISSA-ს კვლევიდან

კვლევის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს შეუჩერდება უვიზო მიმოსვლა, საქართველოს მოსახლეობის 54%-ის აზრით, ეს „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა იქნება.

რაც შეეხება უშუალოდ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებს, მათი 40% ფიქრობს, რომ თუ უვიზო მიმოსვლა შეჩერდება, ეს ოპოზიციის პასუხისმგებლობა იქნება, 23% პასუხისმგებლობას ევროკავშირს აკისრებს. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა მხოლოდ 14% ფიქრობს, რომ უვიზო მიმოსვლა შეჩერდება, ეს მმართველი პარტიის პასუხისმგებლობა იქნება.

ფოტო: ISSA-ს კვლევიდან

ამავე კვლევის მიხედვით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ევროკავშირში გაწევრების მოლოდინი არ აქვს: – საქართველოს მოსახლეობაში – 46%-ს.

ამასთან, „ქართული ოცნების“ ამომრჩევლების ჯგუფში თითქმის ყოველი მეორე (49%) ფიქრობს, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ევროკავშირში გაწევრება მოსალოდნელია.

ფოტო: ISSA-ს კვლევიდან

ISSA-ს კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 55% მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ საგარეო კურსი რუსეთის და რუსეთთან დაახლოებული ქვეყნების ინტერესების გატარებას ემსახურება.

უშუალოდ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლების უმრავლესობის (66%) აზრით, მათი მხარდაჭერილი პარტია ეწევა დაბალანსებულ პოლიტიკას და კონკრეტულად არც ერთი ქვეყნის ინტერესებს არ ატარებს.

ფოტო: ISSA-ს კვლევიდან

ამავე კვლევის მიხედვით:

  • ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობაში 83%. ეს მხარდაჭერა უშუალოდ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებს შორის  68%-ია.
  • ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის 68%
  • რუსეთის მიერ შექმნილ კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციაში (ოდკბ-ში) გაწევრიანებას მხარს საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 9% უჭერს.
  • საქართველოს ნეიტრალიტეტს მხარს უჭერს მოსახლეობის 52%. უშუალოდ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებს შორის ნეიტრალიტეტს მხარს უჭერს 66%.

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) 2025 წლის ივნისში ჩაატარა სოციოლოგიური კვლევა, რომლის მიზანი იყო საქართველოს მოსახლეობის განწყობებისა და მოსაზრებების შესწავლა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

კვლევის მეთოდოლოგია:

  • კვლევის ტიპი: რაოდენობრივი კვლევა
  • სამიზნე ჯგუფი: საქართველოს სრულწლოვანი (18+) მოსახლეობა
  • შერჩევით ერთობლიობა: 2000 რესპონდენტი
  • მეთოდი: პირისპირ ინტერვიუ
  • შერჩევა: ალბათური; კერძოდ, კლასტერული შერჩევა წინასწარი სტრატიფიკაციით
  • შერჩევის ცდომილება: ±2.2% მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით
  • გამოპასუხების წილი: 71%
  • საველე სამუშაოები ჩატარდა 2025 წლის 17-29 ივნისის შუალედში.
  • კვლევის დონორი: სამოქალაქო საზოგადოების ფონდი

კვლევის განმახორციელებელი: სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი (ISSA).