სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) კვლევის თანახმად, „ქართული ოცნების“ ყოველ მეორე ამომრჩეველს სჯერა ე.წ. დიფ სთეითის და გლობალური ომის პარტიის არსებობისა და გავლენების.
გამოკითხვა იმეორებს 2025 წლის მაისში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს:
გამოკითხვის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 53%-ისთვის ე.წ. დიფ სთეითის და გლობალური ომის პარტიის არსებობა და გავლენები დამაჯერებელი არ არის. დიფ სთეითის და „გლობალური ომის პარტიის“ არ სჯერა თბილისის მოსახლეობის 62%-ს და პროევროპული ოპოზიციის ამომრჩევლების 75% – ს.

ფოტო: ISSA-ს კვლევიდან
ISSA-ს კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 47% ფიქრობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს თავიდან ააცილა რუსეთთან საომარი მოქმედებების დაწყება. ამ აზრს იზიარებს რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის 49% და თბილისში მცხოვრებთა 43%.
„ქართული ოცნების“ ამომრჩევლებში 81% ეთანხმება, რომ რუსეთთან ომი საქართველოს ხელისუფლებამ ააცილა. მაშინ, როცა პროევროპული ოპოზიციის ამომრჩევლების 73% ამ მოსაზრებას არ ეთანხმება.
ფოტო: ISSA-ს კვლევიდან
ამასთან, როგორც საქართველოს, ისე თბილისისა და რეგიონების მოსახლეობაში რესპონდენტების აზრი გაყოფილია იმის შესახებ, რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, რამდენად დიდი ან მცირე საფრთხე არსებობდა რუსეთსა და საქართველოს შორის საომარი მოქმედებების დაწყების.
პროევროპული ოპოზიციის ამომრჩევლებში უმრავლესობა (60%) თვლის, რომ ომის დაწყების მცირე ან არავითარი საფრთხე არ არსებობდა.
„ქართული ოცნების“ ამომრჩევლების უმრავლესობა (67%), პირიქით, თვლის, რომ რუსეთ-საქართველოს შორის საომარი მოქმედებების დაწყების დიდი ან სერიოზული საფრთხე არსებობდა.

ფოტო: ISSA-ს კვლევიდან
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) 2025 წლის ივნისში ჩაატარა სოციოლოგიური კვლევა, რომლის მიზანი იყო საქართველოს მოსახლეობის განწყობებისა და მოსაზრებების შესწავლა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
კვლევის მეთოდოლოგია:
- კვლევის ტიპი: რაოდენობრივი კვლევა
- სამიზნე ჯგუფი: საქართველოს სრულწლოვანი (18+) მოსახლეობა
- შერჩევით ერთობლიობა: 2000 რესპონდენტი
- მეთოდი: პირისპირ ინტერვიუ
- შერჩევა: ალბათური; კერძოდ, კლასტერული შერჩევა წინასწარი სტრატიფიკაციით
- შერჩევის ცდომილება: ±2.2% მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით
- გამოპასუხების წილი: 71%
- საველე სამუშაოები ჩატარდა 2025 წლის 17-29 ივნისის შუალედში.
- კვლევის დონორი: სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
კვლევის განმახორციელებელი: სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი (ISSA).
