ახალი ამბები

გიორგი მინდაძეს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

3 ივლისი, 2025 •
გიორგი მინდაძეს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 21 წლის გიორგი მინდაძეს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

გიორგი მინდაძეს ბრალად ედება პოლიციელზე თავდასხმა.  პროკურატურა სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტს ედავება 2024 წლის 29 ნოემბერს პარლამენტთან პიროტექნიკის სროლას, რამაც, ბრალდების ვერსიით, სპეცრაზმელი შმაგი ჯაჭვაძე დააზიანა. თავად ჯაჭვაძე ამბობს, რომ დაზიანება მიიღო, თუმცა, არა იმდენად სერიოზული, რომ ექიმის დახმარება დასჭირვებოდა.

მოსამართლის გადაწყვეტილების გამოცხადებამდე გიორგი მინდაძემ სასამართლოში მის მხარდასაჭერად მისულ ადამიანებს მიმართა,

„მოგახსენებთ, რომ ამ შედეგს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენი კარგად ყოფნა და უსაფრთხოება, ამიტომ ნებისმიერი შედეგის გამოცხადების შემთხვევაში, გთხოვთ, მშვიდად და წყნარად შეხვდეთ განაჩენს.

ნუ დატოვებთ ბიჭებს მხარდამჭერების გარეშე დღევანდელი თქვენი გადაწყვეტილებით“, – განაცხადა გიორგი მინდაძემ.
სასამართლოში გიორგი  მინდაძის მხარდასაჭერად მისულ მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ მანდატურები. მოქალაქეები ჯერ სასამართლოს შენობიდან გამოყარეს ძალის გამოყენებით, შემდეგ კი მათზე სასამართლოს ეზოშიც გააგრძელეს ძალადობა.  შედეგად, დაშავდა არაერთი ადამიანი, რის გამოც ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადაც გამოიძახეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი