ახალი ამბები

ბოჭორიშვილის მოადგილემ სამძიმარი და სოლიდარობა გამოთქვა ირანის მიმართ – საელჩო

2 ივლისი, 2025 •
ბოჭორიშვილის მოადგილემ სამძიმარი და სოლიდარობა გამოთქვა ირანის მიმართ – საელჩო

ირანის საელჩოს განცხადებით, „ქართული ოცნების“ მთავრობის წარმომადგენელმა სამძიმარი და სოლიდარობა გამოთქვა „ირანის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ისრაელის რეჟიმის მიერ განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის დროს დაღუპულთა“ გამო.

საუბარია „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეზე, ალექსანდრე ღვთისიაშვილზე.

ირანის საელჩოს ცნობით, ღვთისიაშვილმა საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

„2024 წლის 30 ივნისს და 1 ივლისს, ორშაბათსა და სამშაბათს, თბილისში, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში გაიმართა ღონისძიება, რომელიც ეძღვნებოდა ირანის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ისრაელის რეჟიმის მიერ განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის დროს დაღუპულ მოწამეთა ხსოვნას.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, აგრეთვე თბილისში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები – მათ შორის თურქმენეთისა და ყაზახეთის ელჩები, ერაყის საქმეთა რწმუნებული, ჩინეთის სამხედრო ატაშე, ასევე რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე, ირანული დიასპორის წევრები და ქართველი ირანისტები.

მათ საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში გააკეთეს ჩანაწერები, გამოთქვეს თავიანთი სამძიმარი და სოლიდარობა ირანის მიმართ. დიდ მადლიერებას ვუცხადებთ ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებს ამ რთულ პერიოდში გამოჩენილი მხარდაჭერისა და თანაგრძნობისთვის“, – ნათქვამია ირანის საელჩოს განცხადებაში.

დღის ბოლოს ნეტგაზეთს “ქართული ოცნების” საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნეტგაზეთდს უწყების განცხადება მიაწოდა, სადაც აღნიშნულია, რომ ირანის საელჩომ მათ ოფიციალური ნოტით მიმართა სამძიმრის წიგნის გახსნის შესახებ.

“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 2025 წლის 13 ივნისს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა ახლო აღმოსავლეთში ესკალაციას.
„ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ ახლო აღმოსავლეთში მზარდი დაძაბულობით, რაც საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას. ჩვენ განსაკუთრებულად ვუსვამთ ხაზს დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას დეესკალაციისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“.

2025 წლის 26 ივნისს ირანის საელჩომ ოფიციალური ნოტით მიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროს, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში სამძიმრის წიგნის გახსნის შესახებ და თბილისში გახსნილ სამძიმრის წიგნში ირანის მოქალაქეების დაღუპვასთან დაკავშირებით გაკეთდა შესაბამისი ჩანაწერი”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი