„დააკარგვინეთ თუ არა საქართველოს ტერიტორიები თქვენი ყველასთან შეუთანხმებელი და გაუზრებელი ნაბიჯით? ან თუ ვინმესთან შეათანხმეთ, ვისთან?“ — ჰკითხა თეა წულუკიანმა გიორგი გახარიას.
შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ჩორჩანის საგუშაგოს საკითხთან დაკავშირებით წულუკიანის კომისიაზე დღეს მეორედ მოუსმინეს — ამჯერად, დისტანციურად.
ქართული პოლიციის საგუშაგო სოფელ ჩორჩანასთან 2019 წლის აგვისტოში გაიხსნა, მანამდე, 5 თვის განმავლობაში, გაჰყავდათ საგუშაგომდე მიმავალი გზა, რომელიც ჩორჩანის ტყეზე გადის. იმავე კვირების განმავლობაში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ძალებმა განათავსეს ბორდერიზაციის სხვადასხვა ნიშნები — მწვანე ბანერები და დროშები — იმავე ტერიტორიაზე. 2019 წლის თებერვალში, დაიწყო ოსურმა მხარემ ჩორჩანის ტყეში ხეების მონიშვნა.
ჩორჩანის მოვლენებიდან 6 წლისთავზე „ქართული ოცნება“ გიორგი გახარიას ადანაშაულებს, რომ შს მინისტრის რანგში საგუშაგო სუს-თან და პრემიერ-მინისტრთან შეუთანხმებლად გახსნა, ქვეყანა „ომის ზღვარზე“ დააყენა, საპასუხოდ საოკუპაციო მხარემ 5 საგუშაგო მიიღო და 1 000 000 მ² (100 ჰა) ტერიტორია დაკარგა.
გახარიას თქმით, პირიქით, საგუშაგოს გახსნით საქართველომ ჩორჩანის ტყის მთლიანი მასივის, 1 800 ჰა მითვისების პრევენცია შეძლო.
„საქართველოს მაშინ იმ ტყეზე ეფექტური კონტროლი არ ჰქონდა და ეფექტურ კონტროლს ახორციელებდნენ საოკუპაციო ძალები. ამას ადასტურებს არა ჩემი სიტყვები, არამედ სუს-ის 2019 წლის წლიური ანგარიში, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) 2019 წლის 16 სექტემბრის პრესრელიზი და ჟენევის დისკუსიების 49-ე რაუნდის შესახებ ქართული მხარის განცხადება“ ,— განაცხადა გახარიამ.
თეა წულუკიანმა გახარიას შეახსენა, რომ პირველ კომისიაზე საპირისპირო თქვა — დასწრების პრინციპით ვიმოქმედეთო და უთხრა, რომ „ეფექტური კონტროლის“ სამართლებრივ განმარტებაში ვერ ერკვეოდა.
გახარიამ ეფექტური კონტროლის ვერ განხორციელება ახსნა ისე, რომ ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდიოდნენ საოკუპაციო ძალები, აკეთებდნენ მონიშვნებს შემდგომი ბორდერიზაციისთვის და აკავებდნენ საქართველოს მოქალაქეებს. კომისიამ დაკავებების მაგალითის მოყვანა მოითხოვა, რაზეც გახარიამ უპასუხა, რომ რამდენიმე მაგალითი იყო 2018 წელს, ერთი — 2019-ში, როდესაც ჩორჩანის ტყეში დააკავეს მონადირე, წაართვეს იარაღი და უთხრეს: ჩადი სოფელში და გააფრთხილე ყველა, რომ ეს არის სამხრეთ ოსეთის ტერიტორია და თქვენი ფეხი აქ მეორედ არ დავინახოთო.
— წულუკიანი: ანუ, კი არ დააკავეს, შეაჩერეს. იყო შეიარაღებული — გასაგებია, მონადირე შეიარაღებულია — ჩამოართვეს [იარაღი]…
— გახარია: ვინ შეაჩერა?
— წულუკიანი: მეორე მხარემ, მტრულმა მხარემ…
— გახარია: სად მოხდა, ვის ტერიტორიაზე?
— წულუკიანი: ჩვენს ტერიტორიაზე.
— გახარია: ე.ი. საქართველოს მოქალაქეებს შეიარაღებული ოკუპაციის ძალების წარმომადგენლები აჩერებდნენ…
— წულუკიანი: აჩერებდნენ და არა აკავებდნენ…
— გახარია: ააა, გადავრჩით… რომ არ მოგვკლეს, მადლობა უნდა ვთქვათ… მეგობრულად შეაჩერეს, ხომ, ამას მეუბნებით? საქართველოს ტერიტორიაზე სეპარატისტები მოქალაქეს აჩერებენ, განაიარაღეს და ეს ნორმალურია?
— წულუკიანი: ნორმალური ეს არ არის, მაგრამ თქვენ იცრუეთ ორი წუთის წინ, როცა თქვით, რომ დააკავეს.
მოგვიანებით წულუკიანმა თქვა, რომ გადაამოწმა და უშუალოდ ჩორჩანის მიმდებარედ არც სხვა დაკავებები მომხდარა, მხოლოდ მონადირის შემთხვევას ჰქონდა ადგილი 2019 წლის 5 იანვარს, ჩორჩანისგან მოშორებით კი, მეტყევეების შეჩერებას — 2016 წელს.
გიორგი გახარიამ ვრცლად ისაუბრა, თუ რატომ გახდა საჭირო საგუშაგოების გახსნა ქართული მხრიდან. თქვა, რომ საოკუპაციო ძალებს უკვე ყველაფერი მომზადებული ჰქონდათ უზარმაზარი ტერიტორიის ბორდერიზაციისთვის, თითქოსდა 1922 წლის რუკის მიხედვით, რომლითაც საქართველოს ფაქტობრივ ტერიტორიაზე 28 სხვადასხვა წერტილზე ჰქონდათ პრეტენზია, მათ შორის, ჩორჩანასა და თრუსოზე.
მისი თქმით, EUMM-ის მისია და ქართული მხარე ჩორჩანის მიმდებარედ შეუფერხებლად ვერ პატრულირებდნენ და სჭირდებოდა ეფექტური კონტროლის აღდგენა, შემუშავდა გეგმა, საგუშაგოების რაოდენობისა და კოორდინატების ჩათვლით, რომელიც მან პირადად გაუზიარა სუს-ის მაშინდელ უფროსს, ვახტანგ გომელაურს და ევროკავშირის მისიას.
„ამ გეგმით იქ უნდა გაკეთებულიყო 7 საგუშაგო, მაგრამ… პირველი საგუშაგო გაკეთდა 24 აგვისტოს. ამის შემდგომ მე წარდგენილი ვიყავი პრემიერობის კანდიდატად 3 სექტემბერს. 8 სექტემბერს დამამტკიცეს. ამ პერიოდში, როგორღაც გასაოცრად, ის საგუშაგოები იმ კოორდინატებზე, სადაც უნდა ყოფილიყო საქართველოს საგუშაგოები, აღმოჩნდა რუსეთის ფედერაციის საგუშაგოები. მე გეუბნებით, რომ მოვა დრო, როდესაც შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც გაარკვევს, რატომ მოხდა შეფერხება იმ გეგმის დასრულებისა, რომელსაც სრულად უნდა გაეკონტროლებინა ეს გზა. რა გააკეთა მაშინ შს სამინისტროში გადასულმა გომელაურმა იმისთვის, რომ ეს პროცესი გაეჩერებინა და გეგმა არ მიეყვანა ბოლომდე? ან რა გააკეთა მაშინ სუს-ში დამტკიცებულმა თუ მოადგილის ფუნქციით მოვალეობის შემსრულებელმა ლილუაშვილმა, მაშინ, როდესაც ყველა წერტილი, რომელსაც დღეს თქვენ ამაყად აფრიალებთ რუსეთის დროშებით, უნდა ყოფილიყო საქართველოს საგუშაგოები. რაღაც მომენტში, როდესაც ეს გარდამავალი ეტაპი ხდებოდა, მაშინ მოხდა ამ გეგმის საბოტაჟი. ეს იყო პირველი სერიოზული კონფლიქტი ჩემსა და მაშინ სუს-ის ხელმძღვანელს შორის“, — განაცხადა გიორგი გახარიამ.
მან „ქართულ ოცნებას“ მოუწოდა, შექმნას კიდევ ერთი კომისია, რომელიც გამოიძიებს, რა მოხდა ჩორჩანის ტერიტორიაზე და რატომ მოხდა ის, რომ საქართველოს მიერ შემუშავებული გეგმით გათვალისწინებული საგუშაგოები რუსებმა ჩადგეს.
სოზარ სუბარი დაინტერესდა, თუ საოკუპაციო ხაზი არ გადმოწეულა, როგორც ამას გახარია ამტკიცებს, სად ჩადგეს ოსებმა თავიანთი საგუშაგოები. გიორგი გახარიამ უპასუხა, რომ ბუფერულ ზონაში.
წულუკიანმა გახარიას ბრალდებას სასაცილო უწოდა და ჰკითხა, როცა პრემიერი გახდა, რატომ არ გააგრძელა საგუშაგოების ჩადგმა.
„გავაგრძელებდი, რა თქმა უნდა, დროის საკითხი იყო. მაგრამ შს მინისტრმა და კიდევ ვიღაცამ დრო იხელთა — 2 კვირა“ ,— თქვა გახარიამ.
კონტრკითხვაზე, თვითონ სად იყო მაშინ, უპასუხა:
„პარლამენტში ვიყავი, დეპუტატების კითხვებს ვპასუხობდი, რომლებმაც ხმა მომცეს პრემიერად თურმე დიფსტეიტის დავალებით.“
გახარიამ ასევე იკითხა, თუ სუსი საფრთხედ აღიქვამდა გახარიას გადაწყვეტილებას საგუშაგოს გახსნაზე, რატომ არ თქვა არაფერი პრემიერად დაწინაურების გამო.
„ზუსტად მას შემდეგ, რაც ჩვენ ჩავდგით საგუშაგო ჩორჩანაში, 2019 წლის 2 სექტემბერს, ცხინვალის რეჟიმის ე.წ. გენერალურ პროკურატურაში აღიძრა საქმე ჩორჩანაში ჩვენ მიერ ჩადგმული საგუშაგოს გამო და იქ დაიწყო ზუსტად ის გამოძიება, რომელსაც დღეს საქართველოს პროკურატურა ატარებს. ამის შემდეგ, ასევე სექტემბერში, ე.წ. სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. პარლამენტში შექმნა ზუსტად ისეთი კომისია, როგორიც თქვენ გაქვთ ახლა აქ შექმნილი. თქვენ რასაც აკეთებთ, ფაქტობრივად ჩვენებებს აძლევთ და ამყარებთ, რომ ოკუპანტებს თეორიული კი არა, პრაქტიკული ინტერესი გაუჩნდეთ“ ,— მიმართა გახარიამ წულუკიანის კომისიას.
კომისიის წევრებმა, თავის მხრივ, გახარია დაადანაშაულეს „სამშობლოს გაყიდვაში“ და “დაჰპირდნენ”, რომ პროკურატურასთანაც მოუწევს საუბარი.
ამ თემაზე:
წულუკიანის თქმით, სუს-მა შსს-ს მიერ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნა ოსებისგან შეიტყო