მოქალაქე დავით ბაზერაშვილი აცხადებს, რომ უარს ამბობს საჯარო სამსახურში მუშაობის გაგრძელებაზე, „რადგან უარი ვერ ვთქვი საქართველოს სახელმწიფოზე“.
ბაზერაშვილი გასული წლის ნოემბერში იმ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს შეუერთდა, რომლებმაც საჯაროდ გააკრიტიკეს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ. მან განცხადებას ხელი მოაწერა როგორც სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის თანამშრომელმა.
დღეს, 20 ივნისს, გამოქვეყნებულ პოსტში ბაზერაშვილი წერს, რომ 17 წლის განმავლობაში ემსახურებოდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანს, თუმცა, მისი თქმით, „სიტყვითაც და საქმითაც ფერხდება ევროპული მომავალი“, რის გამოც ამ სფეროში საკუთარი ადგილის დანახვა ვეღარ შეძლო.
“მთელი ჩემი პროფესიული ცხოვრება, სწავლა-განათლება, დიპლომატისა თუ იურისტის, ექსპერტისა თუ ლექტორის კარიერა საქართველოს, როგორც ევროპული ცივილიზაციის სახელმწიფოს მშენებლობას დავუთმე. მჯეროდა და ახლაც მგონია, რომ საქართველოს ისტორია, მისი ღირსეული შვილები იმსახურებენ თავისუფალ სახელმწიფოს და ამ სახელმწიფოს ევროპულ ოჯახში ვხედავ. 17 წელი წარმატებით ვემსახურე საქართველოს და მის სვლას ევროპისკენ.
დღესაც გავაგრძელებდი ამ საპასუხისმგებლო საქმიანობას, რომ არ ვხვდებოდე, რომ საჯარო სამსახური უკვე აღარაა სახელმწიფო სამსახური, საქართველოს და მისი ხალხის სამსახური. ერთ დროს ეს საპატიო საქმიანობა დღეს, სამწუხაროდ, მხოლოდ სხვის ან საკუთარი თავის მსახურებად გადაიქცა.
ზოგადად ცუდი კი არაა საკუთარ თავზე/კარიერაზე ზრუნვა ან სხვისი სამსახური, უბრალოდ, როცა მისი ფასი სახელმწიფო ინტერესებზე და სინდისზე უარია, ეს უკვე სახელმწიფო დიპლომატიური სამსახური აღარაა. როცა საჯაროდ და პირდაპირაც მითხრეს, რომ პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან განსხვავებული აზრის ქონა შეუთავსებელია საჯარო სამსახურთანო, არადა ძნელია არ მქონდეს განსხვავებული აზრი, როცა სიტყვითაც და საქმითაც ფერხდება ევროპული მომავალი, როცა კანონითაც და მისი აღსრულებითაც იზღუდება სიტყვის თავისუფლება, სამართლიანი სასამართლო, ნებისა და არჩევანის თავისუფლება და როცა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის ციხეში ამწესებენ, ჩემი ადგილი ასეთ „საჯარო სამსახურში“ აღარაა.
ჰოდა, უარი ვთქვი ასეთ კარიერაზე, უარი ვთქვი იმ ფარსში მონაწილეობაზე, რომელსაც „რეორგანიზაცია“ და „კონკურსი“ დაარქვეს, რადგან ვერ და არ ვთქვი უარი სინდისზე და იმ ღირეულებებზე, რომლებზეც აღვიზარდე, რადგან უარი ვერ ვთქვი საქართველოს სახელმწიფოზე.
გული მწყდება, რომ ვეღარ ვაკეთებ იმ საქმეს, რომლის კეთებაც მახარებდა და გამომდიოდა, გული მწყდება, რომ ვერ ვხედავ კოლეგების უმრავლესობის გამბედაობას და სოლიდარობას, მაგრამ ყველაზე მეტად გული მწყდება, რომ შესაძლებელია სახელმწიფო დავკარგოთ. თუმცა მაინც იმედიანად ვარ, რადგან არც მე ვარ მარტო, განსაცდელი ხომ მის დასაძლევადაა მოგონილი, სისუსტე ხომ დროებითია, ჰოდა, იქნებ ჩვენც მოვირჩინოთ ეს ჭირი”, – წერს დავით ბაზერაშვილი.
2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეაჩერა, საჯარო სექტორში დასაქმებულთა მიმართ მასშტაბური რეპრესიები დაიწყო. არაერთმა საჯარო მოხელემ პროტესტის ნიშნად დატოვა თანამდებობა. კიდევ უფრო მეტმა კი განაცხადა, რომ პოლიტიკურ ნიშნით გაათავისუფლეს. „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ მიღებულმა ცვლილებებმა საჯარო სამსახურის შესახებ კანონში საფუძველი დაუდო ამ სექტორში მიღებულ მრავალ რეპრესიულ გადაწყვეტილებას.
ამავე თემაზე: