ახალი ამბები

ISSA – მოსახლეობის 54% მხარს უჭერს არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობას

15 ივნისი, 2025 •
ISSA – მოსახლეობის 54% მხარს უჭერს არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობას

„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ (ISSA) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 54% ფიქრობს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღონ.

კვლევაში 2000 რესპოდენტი იღებდა მონაწილეობას. შედგა პირისპირი ინტერვიუები. კვლევის საველე სამუშაოები 2025 წლის 5-20 მაისს ჩატარდა.

როგორც აღნიშნულია, კითხვაზე, უნდა მიიღონ თუ არა მონაწილეობა ოპოზიციურმა პარტიებმა 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებში, მოსახლეობას 54,5 % ამბობს, რომ “დიახ”,  22,3% აბობს, რომ “არა”, ხოლო 23,2%“ ამბობს, რომ არ იცის, ან უარს ამბობს კითხვაზე პასუხის გაცემაზე.

ასევე, იმ 54,5 %-დან, რომელიც არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის მომხრეა, ნაწილი (36%) ემხრობა ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას ახალ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, ხოლო მეორე ნაწილი (39%) – ახალი საპარლამენტო არჩევნების გარეშეც.

სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა მოგვიანებით განმარტა ISSA-ს კვლევის შედეგები და აღნიშნა, რომ პროევროპელი ამომრჩევლების იმ ნაწილში (55%), ვინც მხარს უჭერს ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობას, უმრავლესობა (54%) ემხრობა იმას, რომ ადგილობრივი არჩევნები ჩატარდეს ახალ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად.

თბილისში უფრო დიდი ნაწილი (46%) მხარს უჭერს ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას ახალ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, ხოლო რეგიონებში პირიქით – უფრო დიდი ნაწილი (40%) ემხრობა ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას ახალი საპარლამენტო არჩევნების გარეშეც.

გარდა ამისა, კვლევაში ჩანს ისიც, რომ გაყოფილია მოლოდინი ადგილობრივი არჩევნების სამართლიანად ჩატარების შესახებაც. საქართველოს მოსახლეობის 42,5% თვლის, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდება, ხოლო 42% – პირიქით, არასამართლიანად.

კვლევის ძირითად მიგნებებში ასევე წერია, რომ თბილსელთა უმრავლესობა საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად მიიჩნევს, ხოლო რეგიონებში პოზიციები გაყოფილია. 

მასალების გადაბეჭდვის წესი