„თქვენი ანგარიში არ იყო ყველა მოქალაქის დამცველის ანგარიში“, — უთხრა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირმა ზავრადაშვილმა სახალხო დამცველს.
დღეს სახალხო დამცველმა პარლამენტში წარადგინა 2024 წლის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ. „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა იგი „დაუბალანსებელი“ ანგარიშისთვის გააკრიტიკეს და ლევან იოსელიანს უსაყვედურეს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებისა და პოლიციელების უფლებების დარღვევაზე არ საუბრობს.
„1.2 მილიონზე მეტი ადამიანი არსებობს, ვისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა დარჩენოდა განცდა, რომ მათ პოზიციებსაც აუცილებლად დაიცავთ! მილიონ ორასი ათასი ადამიანისთვის ეს განცდა დღევანდელი ანგარიშის შემდეგ არ დარჩა. ის შეურაცხყოფები და უპატივცემულობები, რაც ამ ხნის განმავლობაში ჩემი, ჩემი კოლეგების და საერთოდ, სახელმწიფო სისტემაში მომუშავე ადამიანების მიმართ ხორციელდება, აღუნიშნავი არ უნდა დარჩეს“, — თქვა ზავრადაშვილმა.
სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, 2024 წლის შემოდგომა-ზამთრის აქციების დროს სამართალდამცველების განსაკუთრებული აგრესიის მსხვერპლები, აქციის მონაწილეებთან ერთად, გახდნენ ჟურნალისტები. ჟურნალისტების მიმართ ადგილი ჰქონდა როგორც არასათანადო მოპყრობას, ასევე, მათ პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას. აქციების დროს არაერთი ჟურნალისტი თუ მედიის წარმომადგენელი დაშავდა, რამდენიმე მათგანს სამედიცინო დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურება დასჭირდა, მათ ფიზიკურ უსაფრთხოებასა და სიცოცხლეს შეექმნა საფრთხე. აქციების დაშლის პირველივე დღეს გდდ-ის წევრის მხრიდან არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა ჟურნალისტი გურამ როგავა, რომელსაც პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს თავს დაესხა სპეცრაზმელი.
ომბუდსმენის ინფორმაციით, ჟურნალისტების მიმართ ჩადენილ არცერთ დანაშაულებრივ ფაქტზე გამოვლენილი და დასჯილი არ არის შესაბამისი დამნაშავე.
„მომესმა თუ ნამდვილად იმაზე იყო საუბარი, რომ ამ აქციების დროს პოლიციელების მხრიდან რაღაც მიუღებელი მოქმედება ხორციელდებოდა ჟურნალისტების მიმართ. მეუცნაურა ნამდვილად, იმიტომ, რომ კვირების მანძილზე პოლიციელები იცავდნენ ამ ქვეყანას, სტაბილურობას და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას და სიმშვიდეს, რომ რევოლუცია და გადატრიალება არ მომხდარიყო“, — მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნინო წილოსანმა სახალხო დამცველს, რომელმაც ისაუბრა ჟურნალისტთა უფლებების დარღვევაზეც.
წილოსანის მტკიცებით, პოლიციელებზე ხდებოდა თავდასხმა პიროტექნიკის, ცივი იარაღისა და ცეცხლსასროლი საშუალებებით.
„ამის მიღმა პოლიციელები უდიდესი ფსიქოლოგიური და ემოციური სტრესის ქვეშ იყვნენ თითოეული დემონსტრანტის და მათ შორის იმ ჟურნალისტების მხრიდან, ვისზეც თქვენ საუბრობთ. თუმცა მე არცერთი ფაქტი არ მინახავს, რომ პოლიციელების მხრიდან ყოფილიყო ჟურნალისტებზე რაიმე არაკორექტული. თუ რაღაც ერთეულ შემთხვევაზეა საუბარი, ეს არ შეიძლება იყოს განზოგადებული. მათ შორის, თქვენს ანგარიშში არ ყოფილა, რომ დემონსტრანტებმა დამიზნებით ესროლეს პიროტექნიკა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს. ძალიან სამწუხაროა, რომ ერთი ჭრილით ვხედავთ ადამიანის უფლებებს“, — განაცხადა ნინო წილოსანმა.
მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრის (CMIS) ცნობით, 2024 წლის 28 ნოემბრიდან მიმდინარე წლის აპრილამდე პერიოდში აქციებზე მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 174 შემთხვევა დაფიქსირდა, რა დროსაც, ჯამში, 172 ჟურნალისტი, ფოტოგრაფი და ოპერატორი გახდა რეპრესიების სამიზნე. აქედან 30 რეპორტიორი ერთზე მეტჯერ დაშავდა და დაუზიანდა ტექნიკა, ან/და დაშავდა ფიზიკურად, დაჯარიმდა ან საქმე აღიძრა მათ წინააღმდეგ. ფინანსური ჯარიმა, 5000 ლარის ოდენობით, სავალი გზის გადაკეტვის საფუძვლით, პოლიციამ 25 ჟურნალისტს გამოუწერა.
„ოცნების“ დეპუტატებმა, დააფიქსირეს რა პატივისცემა პერსონალურად ლევან იოსელიანისადმი, დაინტერესდნენ, ანგარიშის ავტორები ხომ არ არიან ნინო ლომჯარიას დროინდელი კადრები.
„როდესაც ამ პოზიციაზე დაინიშნეთ, ჩაატარეთ თუ არა რეორგანიზაცია და ვისთან ერთად მუშაობთ?“ — ჰკითხა ლევან იოსელიანს თეა წულუკიანმა.
წულუკიანმა ლევან იოსელიანს უსაყვედურა, რომ არ აღნიშნავს პოზიტივს და არ იცავს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებს.
„პირველ რიგში პოზიტივით დავიწყებ. ასეთია ის დასავლური განათლება, რომელიც მე მაქვს მიღებული — მაიძულებს ჯერ პოზიტიურზე ვილაპარაკო, რაც თქვენს შემთხვევაში ასე არ იყო. მადლობა ბევრი რამისთვის, რაც თქვენ ახსენეთ. უვადო პატიმრების უფლებები ახსენეთ და ეს პრობლემად რჩება. მადლობა, რომ ახსენეთ ადრეული შეტყობინების მექანიზმის არსებობის შესახებ. მადლობა იმისთვის, რომ ახსენეთ, რომ პირველ რიგში პენიტენციური სისტემაში და მაგრამ, სამწუხაროდ, მთელ საქართველოში არსებობს ფსიქიატრიული პაციენტების მკურნალობის ინფრასტრუქტურის და პირობების სერიოზული პრობლემა. ბევრი რაღაცისთვის მადლობა.
მაგრამ მე ვერ გავიგე ერთი რამ — თქვენ ახსენეთ, რომ ციხეებში გადატვირთულობა არისო, მაგრამ არა ახსენეთ, რომ სწორედ საანგარიშო პერიოდში შარშან გაიხსნა ლაითურის სუპერთანამედროვე ციხე. ამ ციხის მშენებლობაში ბევრი ჩვენგანის ნერვები, ჯანმრთელობა, დრო და ძალიან დიდი სახელმწიფო რესურსი ჩაიდო. ეს არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის ძალიან ხმამაღალი განაცხადი. ასეთი ციხე, როგორიც ლაითურის ციხეა, — სადაც სხვადასხვა კატეგორიის პატიმრები ერთ ციხეში არიან მოთავსებული ისე, რომ მათ ერთმანეთთან შეხება არ აქვთ და არის ძალიან მაღალი წვდომა სხვადასხვა ტიპის რესურსზე, — არის „ქართული ოცნების“ სახე. შეიძლება ამიტომ არ ახსენეთ. მაგრამ როდესაც ადამიანი ამბობს და გიდასტურებთ, რომ გადატვირთულობაა, ამხელა ციხე გაიხსნა, რამაც განტვირთა არაერთი დაწესებულება, ერთხელ მაინც ხომ უნდა ახსენო?!“ — განაცხადა წულუკიანმა.
წულუკიანმა ასევე უკმაყოფილება გამოთქვა, რომ მანიფესტანტების უფლებების დარღვევაზე საუბრისას, ლევან იოსელიანმა არ ახსენა „დაჭრილი პოლიციელი“.
„ასევე, ქალები მოისაკლისეთ და ქალის უფლებები. მადლობა ამისთვის. მე არა მაქვს პირადად იმის მოლოდინი, რომ თქვენ მე დამიცავთ. ეს დაცვა არც მჭირდება, მაგრამ ლომჯარია ამბობდა, რომ მე თქვენი დამცველი არა ვარო და თქვენ ხართ ჩვენი დამცველი? თუ ეს ასეა, ქალ დეპუტატებზე და მათზე თავდასხმაზე რატომ არ ისაუბრეთ? ბავშვებზე რომ ისაუბრეთ, მარიამ ლაშხის შვილებზე რატომ არაფერი არ თქვით? გეკრძალებათ ამის თქმა… გიორგი კალანდარიშვილის შვილებზე მიმოვიკითხე, როგორ იყვნენ, მავანმა რომ მელანი შეასხა და ბავშვები ამას ტელევიზორში უყურებდნენ და დაბრმავდა თუ არ დაბრმავდა სამსახურში მყოფი მამა, არ იცოდა ბავშვმა? თქვენ მე მეტ-ნაკლებად გიცნობთ, ღირსებით სავსე ადამიანი ხართ, პროფესიონალი. ალბათ, ეს სტაფის ბრალია, რომ შერჩევითად გაწვდიან თემებს. რეორგანიზაცია ჩაატარე თუ არა? და თუ არა, ხომ არ მუშაობთ ისევ ქალბატონი მავნებელი ლომჯარიას კადრებთან ერთად და ხომ არ გვამყოფებთ მათ იმედზე? ასკინკილა ბურჯანაძის კადრებთან ხომ არ მუშაობთ? თუ ჩაატარეთ რეორგანიზაცია, რატომ ვერ ხედავთ მარიამ ლაშხის შვილებს, რატომ ვერ დაინახეთ ლაითურის ციხე, რატომ ვერ გვხედავთ ჩვენ? დაჭრილი პოლიციელი რატომ არ ახსენეთ? რატომ არ ახსენეთ, რომ სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე ჰქონდა ქვეყანას“, — განაცხადა თეა წულუკიანმა.
ომბუდსმენს სთხოვდნენ შეფასებას უცხოელი პოლიტიკოსების განცხადებებთან დაკავშირებით და ამბობდნენ, რომ თითქოს ქვეყანაში მაიდანის სცენარით რევოლუცია იგეგმებოდა. ასევე, ურჩიეს პარალელების გავლება, თუ როგორ ხდება აქციების დაშლა აშშ-ისა და ევროპის ქვეყნებში.
„ვფიქრობ, რომ სცენარი იყო, მზაკვრული, კონსპირაციული გეგმა იყო, რათა პოლიცია და მომიტინგეები ერთმანეთს ფიზიკურად დაჰპირისპირებოდნენ. საგარეო საქმეთა მინისტრები იყვნენ ჩამოსულები. პირდაპირ მოუწოდებდნენ „მაიდანის“ სცენარის გამეორებისკენ. ეს ყველაფერი მოხდა. თქვენ ეს არანაირად არ დაგაკნინებთ, არავინ იტყვის, რომ „ქართულ ოცნებას“ უჭერთ მხარს, თუკი რეალურ სიტუაციას შეაფასებთ, ხელისუფლებას შენიშვნას მისცემთ, როგორ უნდა ემოქმედა. იმ დროს გადაჭარბება ძალის პოლიციის მხრიდან არის ფსიქოლოგიური მომენტი, რომელიც ასევე უნდა შეაფასოთ. ალბათ, ამ შემთხვევაში ფსიქოლოგებიც უნდა დაიხმაროთ“, — განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
არჩილ გორდულაძის თქმით, არაერთმა პოლიციელმა მიიღო სხეულის წარუშლელი დაზიანება, ზოგ შემთხვევაში, ეს ადამიანები სამსახურებრივ მოვალეობასაც ვერ აგრძელებენ და სამწუხაროა, რომ სახალხო დამცველს მათზე ერთი სიტყვაც არ უთქვამს.
„პოლიციელებიც ადამიანები არიან და იმ ავტორს, ვინც ეს ანგარიში მოამზადა, უნდა შევახსენოთ, რომ დიახ, პოლიციელი არის პირველ რიგში ადამიანი და ისიც უნდა იყოს ნახსენები, რომ ძალადობრივი აქციის მიმდინარეობის დროს ამ ადამიანებს მიმართ განსაკუთრებული აგრესია იყო“, — თქვა არჩილ გორდულაძემ.
ნიკოლოზ სამხარაძემ ლევან იოსელიანს ჰკითხა, მიუტანა თუ არა ვინმემ არჩევნების გაყალბების მტკიცებულება და სთხოვა დაადასტუროს ან უარყოს, რომ „გამჭვირვალობის კანონი“ რუსეთში მოქმედი კანონის იდენტურია.
„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ოპოზიცია რომ არ არის ამ დარბაზში, ჩემზე გადაწყვიტეთ ჯავრი იყაროთ, მაგრამ შევეცდები ყველას კითხვას გავცე პასუხი“, — უპასუხა ლევან იოსელიანმა დეპუტატებს.
„რატომღაც ასეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ როდესაც მე ანგარიშს წარმოვადგენ, უნდა ვისაუბრო რაღაც პოზიტიურ საკითხებზე. ანგარიში 400- გვერდიანია. იქ დაახლოებით 30-ჯერ აბზაცი იწყება, რომ „მისასალმებელია“, „დადებითად ვაფასებთ“. მაგრამ შეგნებულად მოხსენებაში მე ეს ნაწილები არ გადმომიტანია იმიტომ, რომ თქვენი ყურადღება გავამახვილო პრობლემურ საკითხებზე. 500 გვერდს ხომ ვერ წავიკითხავ აქ და იმ მოკლე ვადაში, რაც მაქვს გამოყოფილი რეგლამენტით, ვცდილობ, რომ ყველაზე პრობლემურ საკითხებზე გავამახვილო თქვენი ყურადღება. რა თქმა უნდა, არის საკითხები, რომელშიც წინსვლაც არის, პოზიტივიც არის, მისასალმებელიც არის და ა.შ. სახალხო დამცველი თუ გამოვიდა და ისაუბრა, რა კარგად არის ქვეყანაში საქმე, მე მგონი, ის საერთოდ არ უნდა იყოს სახალხო დამცველი“, — განაცხადა ლევან იოსელიანმა.
მან ასევე უპასუხა თეა წულუკიანს, რომელიც დაინტერესდა, ჩაატარა თუ არა ლევან იოსელიანმა რეორგანიზაცია სახალხო დამცველის აპარატში და ხომ არ მუშაობს ისევ ნინო ლომჯარიას კადრებთან.
„ვმუშაობ იმ ადამიანებთან, რომლებიც დამხვდნენ სახალხო დამცველის აპარატში. მნიშვნელოვანი ნაწილი არის ბატონი სოზარის დროინდელი, შემდეგ არიან სხვა სახალხო დამცველების დროს მისული ადამიანები. ადამიანები თუ თავიანთ საქმეს კეთილსინდისიერად ასრულებენ, არ ვფიქრობ, რომ იმის მიხედვით უნდა განვსაჯო მათი მომავალი, თუ ვის პერიოდში არიან მოყვანილი და ვინ იყო იმ დროს სახალხო დამცველი და და ეს უნდა გახდეს რეორგანიზაციის საფუძველი. რეორგანიზაციის საფუძველი შეიძლება იყოს ბევრი სხვა რამ, მაგრამ არა ეს“, — განაცხადა ლევან იოსელიანმა.
დეპუტატებს, რომლებმაც სახალხო დამცველი გააკრიტიკეს პოლიციელების და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წევრების დაუცველობის გამო, ლევან იოსელიანმა შეახსენა, რომ ომბუდსმენის მანდატი ითვალისწინებს სახელმწიფოსგან მოქალაქეების დაცვას და არა პირიქით.
„არ ვიცი, რაზე დაყრდნობით საუბრობთ, რომ ჩემი იმედი არ გაქვთ, რომ თქვენს უფლებებს დავიცავ, მაგრამ დამერწმუნეთ, თუ სახელმწიფო დაარღვევს თქვენს უფლებებს, ნამდვილად დავიცავ. თუ სახელმწიფო დაარღვევს იმიტომ, რომ სახალხო დამცველი იცავს ადამიანების უფლებებს სახელმწიფოსგან და არ იცავს სახელმწიფოს. ეს წერია ორგანულ კანონში და ეს არის კონსტიტუციური ჩანაწერის სულისკვეთება. იმიტომ ვერ მხედავთ პოლიციელების მოსანახულებლად. განა იმიტომ, რომ ადამიანურად გული არ შემტკივა. ძალიანაც ცუდი ფაქტია და ყოველთვის ვამბობ, რომ მიუღებელია პოლიციელზე ძალადობა. შემხვედრიან ქალბატონები, რომელთაც უთქვამთ, ჩემი შვილი პოლიციელია და რატომ მათზე არ ლაპარაკობო. მე მათზე აუცილებლად ვილაპარაკებ, თუ სისტემა, სახელმწიფო ამ პოლიციელების უფლებებს არ დაიცავს. მაგრამ ჩემი მოვალეობაა, დავიცვა ადამიანის უფლებები სახელმწიფოსგან, ამ შემთხვევაში პოლიციისგან. ამიტომ ვსაუბრობ მოქალაქეების უფლებებზე პოლიციასთან მიმართებაში. ასე არის მოწყობილი ეს მანდატი. თორემ გასაგებია, რომ უამრავი შემთხვევაა, სადაც სახელმწიფოს წარმომადგენელს უსამართლოდ ექცევიან, პოლიციელზეც ძალადობენ, მაგრამ ამისთვის არსებობს სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია, მას გასცეს პასუხი. მაგრამ მოქალაქის დამცველი არის სახალხო დამცველი“, — განაცხადა ლევან იოსელიანმა.
ლევან იოსელიანმა ისაუბრა მარიამ ლაშხისა და გიორგი კალანდარიშვილის შემთხვევებზე და აღნიშნა, რომ ორივე შემთხვევაში გააკეთა საჯარო განცხადება. თეა წულუკიანმა დარბაზიდან ჰკითხა, რატომ დაგმო ეს შემთხვევები, თუ სახელმწიფოს არ დაუშავებია.
„ერთიც და მეორეც არასრულწლოვანებს ეხებოდა და იმიტომ“, — უპასუხა იოსელიანმა.
მან უარი განაცხადა უცხოელი პოლიტიკოსების კომენტარებისა და არჩევნების პოლიტიკურ შეფასებაზე და თქვა, რომ მისი პოზიცია ნეიტრალური უნდა იყოს.
„ძალიან გთხოვთ, ნუ მთხოვთ პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას. აქ გაიჟღერა, რომ ვიღაც პარლამენტის წევრები ჩამოსულები იყვნენ, რაღაცები ილაპარაკეს… ასეთი საკითხები ჩემს კომპეტენციაში აბსოლუტურად არ შედის. ითქვა, რომ რევოლუციის მოწყობის მცდელობა იყო. შეიძლება იყო, შეიძლება ჩამოვიდნენ და რაღაცები ილაპარაკეს, რაც არ უნდა ელაპარაკათ, მე არ ვიცი. ეს ჩემი მანდატის ნაწილი არ არის, რომ ამ ყველაფერზე პოლიტიკური განცხადებები ვაკეთო. ძალიან რთულია, როცა სახალხო დამცველი ხარ და როცა ორივე მხრიდან ზეწოლა არის მარტო ერთ რამეზე — რომ პოლიტიკურად შეაფასო კონკრეტული მოვლენა. აქედან რომ გავალ, ოპოზიციური ტელევიზიები მომთხოვენ ისევ პოლიტიკურ შეფასებას დღეს დაკავებული ადამიანების შესახებ — არიან თუ არა პოლიტიკური პატიმრები და ა.შ. რასაც ასევე არ ვაკეთებ”, — განაცხადა იოსელიანმა.
ლევან იოსელიანმა დაადასტურა, რომ 2024 წლის შემოდგომა-ზამთრის აქციებზე ზოგიერთი მონაწილე გასცდა შეკრება-მანიფესტაციების კანონით განსაზღვრულ ნორმებს და არსებობდა სპეციალური საშუალებების გამოყენების ფორმალური საფუძვლებიც, თუმცა ხაზი გაუსვა ძალის არაპროპორციულობას და დაუსჯელობას.
„მაგალითად, თუ პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან ძალადობა ხდება, ეს აძლევს თუ არა პოლიციას უფლებას დაიწყოს დაშლა რუსთაველზე? ჩემი შეფასებით არა! იმიტომ, რომ ადამიანებმა, რომლებიც რუსთაველზე დგანან და მშვიდობიან პროტესტს გამოხატავენ, შეიძლება არ იცოდნენ და ხშირად არ იციან, რა ხდება უკანა შესასვლელთან ან ჭიჭინაძის ქუჩაზე და მათი მშვიდობიანი პროტესტი დაცვას იმსახურებს, ხოლო მოძალადეების ქმედება იმსახურებს შესაბამისი პასუხის გაცემას. ეს არის ჩემი მიდგომა. თუ თქვენ სხვანაირად ფიქრობთ, უნდა მითხრათ, რატომ უნდა დააკავონ ადამიანი რამდენიმე მოძალადის გამო თავისუფლების მოედანზე და წაიყვანონ წინასწარი დაკავების იზოლატორში? რა კავშირი აქვთ ერთმანეთთან?! შეიძლება პოლიციისთვის ასეთი ღონისძიების ჩატარება რთულია და ალბათ, ძალიან რთულია, მაგრამ ჩემი ამოცანაა, რომ პოლიციის მიერ აქციების დაშლის სტანდარტი მსოფლიოში საუკეთესო იყოს, სადაც არც ერთ ადამიანს არანაირი საფრთხე არ დაემუქრება და არც ერთი თმის ღერი არ ჩამოუვარდება, განსხვავებით ამ აქციებისგან, სადაც უამრავი დაშავებული ადამიანი ვნახეთ. ესეც ხომ არ არის საკამათო?“ — განაცხადა იოსელიანმა.
სახალხო დამცველმა აღრიცხა დემონსტრანტების მიმართ არასათანადო მოპყრობის 200-ზე მეტი შემთხვევა. თქვა, რომ მათ დაზიანებები მიიღეს აქციების დაშლის დროს, დაკავების დროს, სამარშრუტო ტაქსებში და ე.წ. კორიდორებში, სადაც ფიზიკურად უსწორებდნენ.
„ნაცემი ადამიანები, დაკავებული ადამიანები ვნახეთ, მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, სადაც ჩანს, ვინ სცემს, — პოლიციელს ვგულისხმობ, — ერთი შემთხვევა მაინც შეგიძლიათ მითხრათ, რომ რომელიმე პოლიციელი პასუხისგებაში არის მიცემული? ასეთი შემთხვევა არ არის. სამართალი ცალმხრივი ვერ იქნება. თუ ვიღაცამ დააშავა, ამისთვის არსებობს კანონი და თუ პოლიციელმა დააშავა, ამისთვის არსებობს კანონი. დღეს მე ვერ ვხედავ, რომ ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხზე საუბარი მაინც იყოს“, — განაცხადა იოსელიანმა.
სახალხო დამცველის ახალი ანგარიშის მიხედვით, 2024 წელი საპროტესტო აქციებზე უფლებადარღვევის კონტექსტში განსაკუთრებით მძიმე და დასამახსოვრებელი იყო, რაც პირველ რიგში განაპირობა კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გარანტირებული ღირსების ხელშეუვალობის უფლების, წამებისა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობის აკრძალვის პრინციპის დარღვევის ინტენსივობამ.
სახალხო დამცველის მიერ პარლამენტისთვის გაგზავნილ ანგარიშში, რომელიც 2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობას შეეხება, ცალკე თავი ეთმობა გაზაფხულისა და ზამთრის საპროტესტო აქციებზე არასათანადო მოპყრობას და სხვა უფლებადარღვევებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ მძიმე უფლებადარღვევათა წყება ძირითადად დაიწყო 2024 წლის აპრილი-მაისის საპროტესტო გამოსვლებისას. კერძოდ, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მხრიდან მოქალაქეთა ცემისა და ძალადობის გარდა, ამ პერიოდში ადგილი ჰქონდა უცნობი პირების მხრიდან სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტების, საჯარო ფიგურების დევნასა და მათზე ძალადობას, ორგანიზებულ სატელეფონო მუქარებს და სხვადასხვა სახით გამოხატულ ძალადობრივ შეუწყნარებლობას.
„2024 წლის 15 აპრილიდან 2025 წლის 1 მარტამდე პერიოდში სახალხო დამცველმა და მისმა წარმომადგენლებმა მოინახულეს საპროტესტო აქციებზე დაკავებული და დაშავებული 624 პირი. მათგან არასათანადო მოპყრობაზე 360 პირი მიუთითებდა (57.7%). უფრო კონკრეტულად, 2024 წლის აპრილსა და მაისში გამართულ საპროტესტო აქციებზე დაკავებული და დაშავებული 182 მონახულებული პირიდან 93 საუბრობდა არასათანადო მოპყრობის შესახებ (51.1%). ხოლო 2024 წლის 28 ნოემბრიდან 2025 წლის 1 მარტამდე მონახულებული 442 პირიდან არასათანადო მოპყრობაზე 267 პირი (60%) მიუთითებდა“, – ვკითხულობთ ომბუდსმენის ანგარიშში.
წამება, არასათანადო მოპყრობა – რა წერია ომბუდსმენის ანგარიშში გაზაფხული-ზამთრის საპროტესტო აქციებზე