კომუნიკაციების კომისიამ დასაშვებად ცნო “ქართული ოცნების” საჩივრები “TV პირველისა” და “ფორმულას” წინააღმდეგ. ტელეკომპანიების წარმომადგენლები საჩივრების დაუშვებლად ცნობას ითხოვდნენ. თუმცა კომისიამ გადაწყვიტა, რომ საკითხები არსებით სხდომაზე განეხილა.
საქმე ეხება “ქართული ოცნების” საჩივრებს, რომელიც კომისიაში რამდენიმე დღის წინ, 2 მაისს დარეგისტრირდა. პარტია ტელევიზიებისთვის სანქციების გამოყენებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ ისინი არ მიჯნავენ ერთმანეთისგან ფაქტებსა და შეფასებებს.
მაგალითად, TV პირველის შემთხვევაში საუბარ იყო საინფორმაციო გამოშვებაში გამოყენებულ 14 ფრაზასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ 5 ე.წ. საინფორმაციო ქარდზე, სადაც გამოყენებულია შემდეგი ფრაზები: “არალეგიტიმური ხელისუფლება”, “სანქცირებული პარლამენტი”, “რეჟიმი”, “ოლიგარქის პარლამენტი” და ა.შ. მსგავსი შინაარსის ფრაზების გამოყენებს ედავება “ოცნება” “ფორმულასაც”.
“ქართული ოცნება” ტელევიზიებს ედავება მაუწყებლობის შესახებ კანონის რამდენიმე მუხლის დარღვევას. მათ შორის, 54-ე მუხლის დარღვევას, რაც სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევას გულისხმობს.
ამავე თემაზე: