მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ აქტივისტ ალბი კორძაიას ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

აქტივისტს ედავებოდნენ 12 აპრილს თეა წულუკიანის სახლის სიახლოვეს ყოფნასა და მისთვის შეურაცხყოფის მიყენებას.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე შსს-ს წარმომადგენლის თქმით, 11-12 აპრილის ღამეს ალბი კორძაია თეა წულუკიანის მისამართით იძახდა „რუსეთის მონას“, „ქვეყნის მოღალატეს“. გარდა ამისა, პოლიციელს მითითებული აქვს ოქმში „ასე შემდეგ სიტყვები“.

დაცვის მხარის განმარტებით, ეს არ იყო სამართალდარღვევა და ალბი კორძაიას მიერ ნათქვამი სიტყვები ჯდება სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. მიზანი იყო არა წულუკიანის შეურაცხყოფა, არამედ პროტესტის გამოხატვა მის ქმედებასა და სიტყვებზე.

„ეს ფრაზები ჩემ მიერ ნათქვამი არ ყოფილა. ორ ეპიზოდს ურევთ ერთმანეთში და შეერთებული გაქვთ.
იყო საღამო, არა ღამე. რაზეა საუბარი, საქმეც კი არ გაქვთ შესწავლილი.

[…] ყველა ის ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ ანწუხელიძე არის პიარშეწირული, ჩემთვის არ იქნება მისაღები და გამოვხატავ პროტესტს. „რუსეთის მონა“ მე წულუკიანისთვის არ მიწოდებია. მე წულუკიანთან არ მივიდოდი, ამას რომ არ ჰქონოდა პრეისტორია და გმირი ანწუხელიძისთვის არ ეწოდებინა პიარშეწირული“, – თქვა ალბი კორძაიამ.

ადვოკატმა შსს-ს წარმომადგენელსა და მოწმე პოლიციელს ჰკითხა, იცნობენ თუ არა თეა წულუკიანის განცხადებას ანწუხელიძის შესახებ, რომ ის პიარისთვის არის შეწირული. ორივე ამბობს, რომ თავად ეს განცხადება არ მოუსმენიათ.

დამაზუსტებელ კითხვაზე, ვინ არის მათთვის გიორგი ანწუხელიძე, შსს-ს წარმომადგენელიცა და მოწმე პოლიციელი გოგოლაძეც ამბობენ, რომ ის არის გმირი.

პროკურატურა ალბი ორძაიას პატიმრობას ითხოვდა.

“გუშინდელი დაწყებული საქმე დავამთავრეთ დღეს”, – დაწერა ალბი კორძაიამ სოციალურ ქსელში 12 აპრილს და თეა წულუკიანის სახლთან გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა.

ამ ვიდეომდე ერთი დღით ადრე, მოქალაქეებმა თეა წულუკიანის სახლთან სპონტანური აქცია მას შემდეგ დაგეგმეს, რაც 11 აპრილის საღამოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში წულუკიანმა საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს “სხვისი პიარისთვის უაზროდ გაწირული” უწოდა.

თეა წულუკიანი საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს “ვიღაცის პიარისთვის უაზროდ გაწირულს” უწოდებს