შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნიკა მელია ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული. უწყება მას ედავება 173-ე მუხლის დარღვევას, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას გულისხმობს.
“ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ნიკა მელია კანონით დადგენილი წესით წარედგინება სასამართლოს”, – აცხადებენ შსს-ში.
“კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი რამდენიმე საათის წინ, ერთ-ერთი გადაცემისკენ მიმავალი, ლისის გზაზე დააკავეს.
როგორც მისი მძღოლი და თვითმხილველები ჰყვებიან, თავდაპირველად გააჩერა საპატრულო პოლიციის მანქანამ. მოულოდნელად კი 100-მდე სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ადამიანი გამოჩნდა და მელია იძულებით დააკავა. გარდა ამისა, როგორც მელიას, ისე მძღოლს წაართვეს მობილურები და წაიღეს მანქანაზე დამაგრებული სამეთვალყურეო კამერები.
ნიკა მელია ბრალდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით, რაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს. პროკურატურა მას ქართული ოცნების” ერთპარტიულ პარლამენტში შექმნილი, “ნაციონალური მოძრაობისა” და მისი ლიდერების საქმიანობის შემსწავლელი კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობას ედავება.
მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, რომლის გადახდის ვადა, მისი ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის ინფორმაციით, დღეს, 00:00 საათზე იწურება. მელიას გაცხადებული პოზიციაა, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში დანიშნული იყო სხდომა, რომელიც პროკურორების გამოუცხადებლობის საფუძვლით გადაიდო. გიორგი კონდახიშვილი ფიქრობს, რომ პროკურორებმა სპეციალურად გადადეს სხდომა, რადგან ბრალდებულისთვის შეფარდებული გირაოს გადახდის ვადა იწურება დღეს, ღამის 12:00 საათამდე. შესაბამისად, სხდომის მიმდინარეობისას პროკურორებს არ ექნებოდათ შესაძლებლობა ეთქვათ, რომ მელიამ გირაო არ გადაიხადა და ამიტომ, მისი პატიმრობაა საჭირო.
მოსამართლე ირაკლი შვანგურაძემ სხდომა ხვალ, 30 მაისს, 14:00 საათზე დანიშნა.