ოპოზიციონერ აქტივისტს, მიხაილ პლეტნევს 4 რუსი ქალი გაუპატიურებაში ადანაშაულებს.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, პლეტნევი, სხვა ათასობით რუსეთის მოქალაქის მსგავსად, საქართველოში ჩამოვიდა და გარკვეული პერიოდი აქ ცხოვრობდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 4-დან ორი შემთხვევა სწორედ თბილისში მოხდა.

პლეტნევის აქტივისტური საქმიანობა დაკავშირებული იყო მათ შორის ქალებისა და ბავშვების უფლებების დაცვასთან. ამიტომ, როგორც რუსულენოვანი გამოცემა “Холод” წერს, ქალებს მის მიმართ ნდობა ჰქონდათ.

გამოცემა ესაუბრა ოთხ რუს ახალგაზრდა ქალს, რომლებიც პლეტნევს ამხელენ. მათ შორის ერთი 14 წლის იყო მომხდარის დროს. გამოცემა გოგონას ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებს არ ასაჯაროებს, მაგრამ წერს, რომ აქვთ მისი და პლეტნევის მიმოწერა, სადაც ეს უკანასკნელი ბოდიშს იხდის.

რაც შეეხება საქართველოში მომხდარ შემთხვევებს, ეს 2023 წელს მოხდა. ქალი, რომელიც პლეტნევთან ძალადობრივი გამოცდილების შესახებ ჰყვება, 23 წლის რუსი მოდელია. ისინი ერთმანეთს თბილისში, ერთ-ერთ ბარში შეხვდნენ, სადაც ჩვეულებრივ იკრიბებოდნენ საქართველოში მცხოვრები რუსები. როგორ ქალი გამოცემას უყვება, ისინი ბარიდან გვიან ღამით მთვრალები გამოვიდნენ და პლეტნევმა სახლში წაყვანა შესთავაზა. ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობის გამო მას დეტალები არ ახსოვს და ამბობს, რომ სავარაუდოდ ჩაეძინა, ან გონება დაკარგა. გამთენიისას გამოეღვიძა მისთვის უცხო სახლში, ნახევრად შიშველ მდგომარეობაში, პლეტნევთან ერთად.

საქართველოში მომხდარი მეორე შემთხვევის შესახებ ჰყვება 20 წლის ქალი, რომელიც, სხვების მსგავსად, ომის შემდეგ ჩამოვიდა რუსეთიდან თბილისში. ის ჰყვება, რომ პლეტნევი საქართველოში მცხოვრებ რუსებში ცნობილი ადამიანი იყო და ხშირად ხვდებოდა სხვადასხვა შეკრებებზე. ეს ისტორია წინა ისტორიის მსგავსია – ერთ-ერთი წვეულებიდან ისინი მთვრალები წამოვიდნენ ერთად, პლეტნევმა მას სახლში წაყვანა შესთავაზა. ქალი ჰყვება, რომ გზაში, ტაქსიში, ჩაეძინა და არ ახსოვს, შემდეგ რა მოხდა. მოგვიანებით აღმოაჩინა, რომ პლეტნევმა გააუპატიურა მაშინ, როცა გონება დაკარგული ჰქონდა.

გამოცემა ესაუბრა თავად პლეტნევსაც, რომელიც ამჟამად გერმანიაშია. ის ქალების მონაყოლის დიდ ნაწილს არ უარყოფს. თუმცა ამბობს, რომ მის მოქმედებებს ძალადობად არ მიიჩნევს, ან მაშინ არ მიიჩნევდა. თუმცა თქვა ისიც, რომ რამდენიმე თვეა მოძალადეთა სარეაბილიტაციო თერაპიის კურსს გადის.

Холод-ის სტატია პლეტნევმა X-ის საკუთარ გვერდზე გააზიარა და დაწერა: “გთხოვთ, მაპატიეთ, თუ შეგიძლიათ”.