ანსამბლი “სუხიშვილები” განცხადებას ავრცელებს tbilisi open air-ის ფესტივალზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. საუბარია ანსამბლის ხელმძღვანელის, ნინო სუხიშვილის განცხადებაზე, რომელმაც სცენიდან დაგმო და გაემიჯნა “იმ სიტყვას, რომელიც აქ გაჟღერდა, რომელიც მკრეხელური იყო ჩვენი გაგებით”.
სუხიშვილის ნათქვამმა ფესტივალის სტუმრებსა და ფართო საზოაგდოებაში გაურკვევლობა და კრიტიკა დაიმსახურა. მოგვიანებით სუხიშვილმა განმარტა, რომ გულისხმობდა ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორის, აჩიკო გულედანის სიმღერის ტექსტს.
ანსამბლი “სუხიშვილები” აცხადებს, რომ მათი ხელმძღვანელის მიმართ გამოხატული კრიტიკა იყო სამართლიანი და განმარტავს მომხდარის დეტალებს.
“გვსურს გამოვეხმაუროთ ჩვენთვის სამწუხარო ინციდენტს, რომელიც open air-ის მიმდინარეობისას მოხდა. აჩიკო გულედანის სიმღერის ტექსტი არასწორად გაიგო დასის რამდენიმე წევრმა, რამაც დასის მნიშვნელოვან ნაწილში გამოიწვია უკმაყოფილება და კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა დასის ფესტივალში მონაწილეობა.
დასის ხელმძღვანელმა, ნინო სუხიშვილმა, საჭიროდ ჩათვალა, რომ კრიტიკული სიტუაციის განსამუხტად ისე ემოქმედა, როგორც იმოქმედა. ვწუხვართ, რომ ნინოს ნათქვამმა სიტყვებმა, რომელიც ანსამბლში ვითარების განმუხტვისკენ იყო მიმართული, სამართლიანად დაიმსახურა კრიტიკა.
გვსურს დაგიდასტუროთ, რომ სუხიშვილები ყოველთვის იდგა და დგას როგორც რწმენის, ისე გამოხატვის, ხელოვნების თავისუფლების და ზოგადად, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის სამსახურში და გვჯერა, რომ ეს უფლებები არათუ ხელს არ უშლის, არამედ ავსებს ერთმანეთს. კიდევ ერთხელ, ვწუხვართ, რომ აღნიშნულმა ინციდენტმა ბევრ ჩვენს გულშემატკივარში გაუგებრობა გამოიწვია”, – წერია ანსამბლს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ქართული ნაციონალური ბალეტი, ანსამბლი “სუხიშვილები” მონაწილეობდა 2025 წლის Tbilisi Open Air-ის მუსიკალურ ფესტივალში. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით წლევანდელი ფესტივალი მთლიანად ქართველ შემსრულებლებს დაეთმო.
